"XXI საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები"
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობდნენ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
„მე მესმის დებატების მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, თუმცა მინდა, გთხოვოთ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, შეხედოთ ამ საკითხებს იმ ქვეყნების გადმოსახედიდან, რომლებიც დღემდე იტანჯებიან რუსეთის ზეწოლისა და აგრესიის გამო. ჩვენ წარმოვადგენთ აქ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც ათეულობით წელია, ცხოვრობენ უკანონო ოკუპაციის პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ როგორ ეყრდნობა ჩვენი რამდენიმე კოლეგა ზოგიერთ ისტორიულ ფაქტსა და ეპიზოდს, თუმცა დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ასი ათასობით დევნილი კი დღემდე ელოდება სახლებში დაბრუნებას", – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, რუსეთს ოდესმე რაიმე რეკომენდაციის ან საერთაშორისო ვალდებულების შესრულება რომ მონდომებოდა, დავინახავდით მცირე პროგრესს მაინც, თუმცა, ამას საერთოდ ვერ ვხედავთ.
„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების, რეზოლუციების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ ამ ყველაფერს განსჯისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება ევროპაში", – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
სიახლეები
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 თებერვლისთვის
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო