"საოკუპაციო რეჟიმმა უკვე შეიწირა 16 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც არ მიეცათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უფლება "
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლება.
სახელწიფო მინისტრის თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა უკვე შეიწირა 16 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც არ მიეცათ ასეთი დახმარებით სარგებლობის უფლება ან რეაგირება უკვე დაგვიანებული იყო.
„სამწუხაროდ, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი. უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც დაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი და ადგილობრივ მოსახლეობას აკრძალული აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება. საუბედუროდ, ამ რეჟიმმა უკვე შეიწირა 16 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც არ მიეცათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლება ან რეაგირება უკვე დაგვიანებული იყო.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს დელეგაციამ მთელი სიმწვავით დააყენა ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი. ხაზგასმით აღინიშნა ამ ადამიანებისთვის ფუნდამენტური უფლებების აღდგენისა და დაცვის უკიდურესი აუცილებლობა.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა ადგილობრივ მოსახლოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეექმნათ თავისუფალი გადაადგილებისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა და იქ საქმიანობის საშუალება.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ეს ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და მივაღწევთ იმას, რომ თითოეულ ადამიანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეეძლოს, ჰქონდეს წვდომა იმ მომსახურებებზე, რასაც ქვეყანა სთავაზობს თავის მოქალაქეებს“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით