"რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის" - მარია ზახაროვა
რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.
მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამ დიალოგს.
„მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, თბილისს, და მეორე მხრივ, სოხუმს და ცხინვალს შორის“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ქმედებები შეიძლება გახდეს საიმედო გარანტია იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს „საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, შემდგომი დემარკირებით“.
„ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო დროს გაიზარდა, რადგან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს, ისარგებლონ შიდარეგიონული დაპირისპირებებით, რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციის აშკარა მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით, ”რუსეთი მზად არის გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და მათ საერთო რეგიონში სხვა დაგროვილი პრობლემების გადაჭრის მიზნით“, - აღნიშნა ზახაროვამ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"