ამ გვერდის ამობედვა

"შერიგება იწყება პატარა ნაბიჯებით -ადამიანიდან ადამიანამდე" - რა გამოსავალი არსებობს კონფლიქტის მოსაგვარებლად

„ზოგჯერ მგონია "დევნილად" დავიბადე და აფხაზეთში გატარებული ბედნიერი წლები ჩემი ტკბილი სიზმარი იყო... ტკბილიო ვამბობ და "მწარეც" მახსენდება...“ - დაგვეთანხმებით, რომ აფხაზეთის შესახებ საუბარი ყველას ტკივილს გგვრის და სევდიან მოგონებებს გვიღვიძებს. აფხაზეთიდან დევნილი თითოეული ადამიანისთვის, იმ დღეების გახსენება, როცა იქიდან წამოვიდნენ ძალიან მძიმეა. სამი ათეული წელი გავიდა და მაინც ცოცხლობს და იცოცხლებს მათ გულში ის ტკივილი, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია.

ჩვენი რესპოდენტი მედეა შვილდაძე (კოსმეტოლოგი) საკუთარ ისტორიას გვიყვება, რომელიც ძალიან საინტერესო და ემოციურია. აფხაზეთიდან დევნილმა წლები ემიგრაციაში გაატარა და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. დღესდღეობით მას საკუთარი ბიზნესი აქვს.

 

მასთან ინტერვიუს FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

 

-  როგორი იყო გზა აფხაზეთიდან დღემდე?

- აფხაზეთში გადაწყდა 1977 წელს ჩემი დაბადებისას, რეზო მშვილდაძის შვილისთვის გვარი შვილდაძე მიეცათ იმ მიზეზით, რომ  რუსულ გრამატიკაში სამი თანხმოვანი "მშვ" არ ჟღერდა კარგად, იქ მაშინ თურმე კიდევ ბევრი რამ წყდებოდა, მაგრამ მე - "ჩვენ" არ ვიცოდით ან არ ვაცნობიერებდით საკმარისად და მივიღეთ ის რაც მივიღეთ,- 300 ათასი დევნილი და ასე ვიტყოდი აფხაზეთმა დაკარგა საქართველო, რადგან როდესაც აფხაზეთზე ვფიქრობ, და ხმამაღლა ვსაუბრობ აფხაზური კანტატადან სტროფი ჩამესმის - „ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.“

დაიწყო  დევნილობის მწარე და დაუთვლელი დღეები, გოლგოთა რომელსაც უკითხავად გაგვაყენეს...  სხვათა კარზე ცხოვრება, შიმშილი, დამცირება და გაურკვევლობა... მე 14 წლის ვიყავი ჩემი და 10-ის. დედა აფხაზეთში ჩარჩა, დაბა აგუძერაში,  სადაც ომის  დროს სამხედრო ჰოსპიტლის მიმღები მედდა იყო.

ჩვენთვის ყველაზე რთული საკუთარი თავის პოვნა და ადგილის დამკვიდრება  იყო. შენს ქვეყანაში, მაგრამ არა "შენს" ხალხში. თითქოს  ერთ ენაზე კი ვსაუბრობდით, მაგრამ მაშინ ჩვენი არავის ესმოდა და სჯეროდა...

ხშირად ვფიქრობ, ახლა რომ თავიდან მქონდეს ის გზა გასავლელი, ვერ დავძლევდი. სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში ერთეული ადამიანების გამოწვდილი ხელი და მხარში დგომა გამახსენდება. ალბათ გამოუვალი მდგომარეობის წინ დამდგარი თვითგადარჩენის ინსტინქტი მაძლიერებდა და ყოველთვის ძალიან რისკიან გადაწყვეტილებებს ვღებულობდი.

როგორც ყველას, ჩვენც გვჭირდებოდა სახლი და შემოსავალი რომ გვეარსება ეს იყო ყველაზე ელემენტარული, მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე რომელიც უნდა დაგვეძლია. მაშინაც და ახლაც ისე, როგორც ყველა ვეძებდით გამოსავალს, ვინ წვიმაში, ყინვაში გარეთ იდგა, ვინ ქვეყნიდან მიდიოდა და არ იცოდა იქ რა ელოდა. ჩვენც წავედით...

 

- რა სირთულეები შეგხვდათ და როგორ უმკლავდებოდით?

- ხშირად ვფიქრობ, რომ იმ წლებში ალბათ მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტმა გადაგვარჩინა. მე არასოდეს მქონია ბევრი არჩევანი — ყოველთვის ან უნდა მებრძოლა, ან დავნებებულიყავი… და მე ბრძოლა ავირჩიე.

თითოეულ გადაწყვეტილებაში იყო რისკი, მაგრამ იმედი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. იყო დრო, როცა ჩემი პატარა დის გადახვეწა ევროპაში ყველაზე მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა — უნდა გადავრჩენილიყავით. მერე ისევ დავბრუნდი საქართველოში, დედის ავადმყოფობის გამო და მაშინ გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა გამჭირვებოდა, აქ, ჩემს მიწაზე უნდა მეცადა თავიდან წამოდგომა. სხვა გზა უბრალოდ არ მინდოდა დამენახა.

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი იქამდე ძლიერია, სანამ შიშის ნაცვლად მადლიერებას ირჩევს — მადლიერებას იმისა, რომ ცოცხალი ხარ, რომ შეგიძლია თავიდან დაიწყო, თუნდაც ნულიდან. რთულია  ყოველთვის იყო ძლიერი, მაგრამ გამოსავალი იმაშია, რომ ჩვენ ჩვენი ტკივილიდან ვქმნით ძალას, რომელიც  ხდებოდა მიწაზე ჩემი  მყარად დგომის საფუძველი.

ეს ის პერიოდი იყო როდესაც აფხაზეთის მოგონებებმა გზა მაჩვენე - გზა #ყავისმედეამდე. ჯერ მარტომ და შემდგომ მეგობარ გოგოსთან ერთად ქუთაისში, ყავის სივრცე გავხსენით. ეს იყო ძალიან  ბედნიერი დრო ჩემთვის, როდესაც ქუთაისში გემრიელი ყავა მედეასთან ასოცირდებოდა... სწორედ მაშინ გავხდი ფერმერთა ასოციაციის პროექტის " ქალთა ეკონომიკური  გაძლიერების" ბენეფიციარი, გავიარე 3 თვიანი ტრენინგები, მივიღე საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე. ეს იყო შიშზე, გაუბედაობაზე გამარჯვება. თუმცა აქ არ დასრულდა ჩემი თავგადასავალი.

ახლა უკვე თითქმის 2 წელია, ამ საქმიანობას თავი დავანებე და ახალი გამოწვევა დავუყენე ჩემს თავს — #მედდერმი, სადაც მთელი გულით ვზრუნავ ქალების, და არა მარტო, ჯანსაღ კანზე ჩემი ახალი გამოწვევა — კოსმეტოლოგიაა. მგონი დევნილები სულ ვიბრძვით. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ფუძე დავკარგეთ და ვერ ვისვენებთ.

 

60198372 645117362625421 302978211514417152 n

 

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება არსებული კონფლიქტის მოგვარება? რა გამოსავალი არსებობს?

- რამდენიმე წლის წინ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი, სადაც აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებსაც და დევნილებსაც საშუალება ჰქონდათ ერთობლივი ბიზნესი წამოეწყოთ.

ეს იყო რეალური შესაძლებლობა ერთმანეთის მოსასმენად, ნდობის აღსადგენად და საერთო საქმის შესაქმნელად. ამ პროექტში პირადად მივიღე მონაწილეობა და დავუმეგობრდი აფხაზ გოგოებს. სწორედ ამ პროექტმა და ენგურს იქით აფხაზებთან და ქართველებთან ურთიერთობამ მიმიყვანა ამ დასკვნამდე :

ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტიდან რეალური გამოსავალი ერთ დღეში ან ხელმოწერილი დოკუმენტით არ მოდის. დღეს, ყველას გვესმის, რომ აფხაზეთში რუსეთის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ პოლიტიკური შეთანხმება ამ ეტაპზე რეალურად შეუძლებელია.მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაველოდოთ „დიდ დღეს“. შერიგება იწყება პატარა ნაბიჯებით — ადამიანიდან ადამიანამდე.

სწორედ ურთიერთობებია ის ხიდი, რომელიც ოდესღაც პოლიტიკამ დაწვა. გამოსავალი ძალადობასა და დაპირისპირებაში არ არის.ჩვენი მომავლის გასაღები შეიძლება იყოს განათლება და საერთო შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ უნდა გავხსნათ გზები, რათა აფხაზ ახალგაზრდებს შეეძლოთ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა — თბილისში, ქუთაისში, ბათუმში — ისეთივე პირობებით, როგორც ნებისმიერ ქართველ სტუდენტს. იქნებ ეს გახდეს ის სივრცე, სადაც პოლიტიკა გაჩუმდება და ადამიანობა ილაპარაკებს. როცა ახალგაზრდები ერთად ისწავლიან, გაიზიარებენ იდეებს, იმეგობრებენ — იქ დაიბადება ნდობა და მშვიდობა.

ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საქმე — არა იარაღით, არამედ გონებით, შრომით და ცოდნით აშენებული მომავალი. უნდა ტარდებოდეს   მცირე ბიზნეს პროექტები, გაცვლითი პროგრამები, ვორქშოპები, კულტურული და სოციალური საქმიანობები, ყველაფერი, რაც გვასწავლის ერთმანეთის მოსმენას, თანამშრომლობასა და პატივისცემას. ეს არის გზა, რომელიც ნდობას აყალიბებს და ნდობა ერთადერთია, რაც საბოლოოდ აერთიანებს ხალხს და არა პოლიტიკა. სადაც ქართველიც და აფხაზი ახალგაზრდაც ერთმანეთს პარტნიორად დაინახავს. მშვიდობა არ იწერება პოლიტიკოსების  ხელმოწერით — ის იქმნება ადამიანების გულებში და იქ, სადაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ერთად ცხოვრება ისევ შესაძლებელია.

და აქვე მინდა დავძინო: დღეს, როცა რუსთაველზე ისევ იკრიბებიან ადამიანები, ვინც თავისუფლებისა და ქვეყნის მომავლის დაცვას ცდილობს, ვერ ვრჩები გულგრილი. ჩემთვის ეს ბრძოლა არ არის პოლიტიკური — ეს არის ადამიანური პასუხისმგებლობა. ჩემი გზა დევნილობიდან დაიწყო — ჩუმად ყოფნამ გამოიღო ეს შედეგი.  ამიტომ დღესაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ხმამაღალი ხმა არის სიფხიზლე.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლო მხოლოდ მიწა კი არა, ფასეულობებია — თავისუფლება, ღირსება და ერთმანეთის პატივისცემა. ვფიქრობ, რომ სანამ ჩვენ თვითონ არ ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას და არ გავხდებით სამართლიანები, ვერავის დავაჯერებთ, რომ ჩვენთან ცხოვრება ღირს. ძალადობა, დაჭერები და ხალხის ხმის ჩახშობა ცუდი მაგალითია მათთვისაც. მშვიდობა იწყება შიგნიდან — ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, პატივისცემით და კეთილგანწყობით ერთმანეთის მიმართ. მშვიდობა - ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საქმე — არა იარაღით, არამედ გონებით, შრომით და ცოდნით აშენებული მომავალი, - აცხადებს მედეა შვილდაძე.

 

554996099 1338899334255669 6757948612469808488 n

 

ახლა გადავხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, გარემოს და  დასკვნებიც თქვენთვის მოგვინდვია.

 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დღესდღეობით, პირველ რიგში, გამოწვევა ის არის, რომ არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობს და შესაბამისად, აფხაზები რუსეთის ხელში მარტო არიან დარჩენილები.

 

„საქართველო არ შეისწავლის მათ ინტერესებს და არ ხდება მათთან მოლაპარაკებები, რათა მოხდეს საერთო ინტერესების გაზიარება, გათვალისწინება. მოლაპარაკებები ხდება მხოლოდ ჟენევაში, სადაც რუსებიც არიან. ბუნებრივია, რუსები არ დაუშვებენ ქართულ მხარესთან აფხაზების გულახდილ საუბარს.  საქართველო კი არ ეძებს არავითარ საფუძველს, რომ მოახერხოს მათთან პირდაპირი დიალოგი. ჟენევაში კი,  სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამის საშუალება ფაქტობრივად არ არის.

რაც შეეხება სტრატეგიას, ის დაწერილია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2010 წელს და მას შემდეგ არ შეცვლილა. მე როცა ვიყავი მთავრობაში შევეცადე მიმეღო ახალი, მაგრამ არ გამომივიდა არაფერი. კი არსებობს სტრატეგია ნამდვილად, მაგრამ ის არ სრულდება. ქაღალდზეა დაწერილი და არავის ადარდებს მისი შესრულება. არც „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებდა, როცა მიიღო და არც ეს მთავრობა არ ღებულობს ახალს. სტრატეგია ჰაერშია გამოკიდებული და პროცესიც მკვდარია, არანაირი მოძრაობა არ მიმდინარეობს. რუსეთი ითვისებს აფხაზეთს, ხდება გარკვეული პროცესების განხორციელება, მიწების მიტაცება. ახლახანს რუსეთმა მიიღო განკარგულება, რომ შეიქმნას კომისია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან  საზღვრების  დელიმიტაცია-დემარკაცია. საქართველო ხმას არ იღებს. რუსეთი ითვისებს, პრაქტიკულად ანექსიას ახდენს რეგიონისას და არ ხდება წინააღმდეგობის გაწევა ან მხარდაჭერა აფხაზეთის მხარის, რომ რაღაცნაირად ერთად მოილაპარაკონ გარკვეულ პროცესებზე,“- განმარტავს Firstnews.ge-თან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

 

მისი თქმით, გამოსავლის სახით, აფხაზებს, პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ ქართული ხედვა.

 

„საქართველომ უნდა  დაანახოს აფხაზებს, რომ ის ხედავს რუსეთის მიერ აგრესიას აფხაზეთის წინააღმდეგ და   გამოაქვეყნოს კონცეფცია, რასაც სთავაზობს საქართველოსთან ურთიერთობის შემთხვევაში, რომ გარკვეული ფორმით იქნება მიწის საკუთრება, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, ორმაგი მოქალაქეობა. უამრავი  საკითხებია, რაც აფხაზებს აშინებთ რუსეთისგან. საქართველომ უნდა შესთავაზოს, რომ არა თუ რუსეთისგან, საქართველოსგანაც არ შეექმნებათ საფრთხეები  და დაიცავენ მათ  ინტერესებს, საკუთრებას და ა.შ.  თუმცა, დიალოგი უნდა არსებობდეს ამ მიმართულებით, რაც აწუხებს აფხაზებს, მაგრამ ეს არ ხდება.

 

ევროპის დაკარგვაც არ აისახება ჩვენზე კარგად, აფხაზები ხედავენ ამასაც, მაგრამ მეორე მხრივ ხედავენ როგორ იბრძვის  საქართველო და ქართული საზოგადოება. იმედი აქვთ, რომ ბრძოლა დამთავრდება დემოკრატიის, ევროპის სასარგებლოდ და შესაბამისად მათ, ნამდვილად ექნებათ არჩევანი  დარჩნენ რუსულ ორბიტაზე თუ  აღმოჩნდნენ ევროკავშირის ორბიტაზე. ეს საქართველოს მოსახლეობასაც სჭირდება და დარწმუნებული ვარ აფხაზებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება,“- აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

წაკითხვა 136 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 06 2025