ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს.
ქართველი სამხედროები უელსიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში. საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს. სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მიტანას გულისხმობდა.
შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.
ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარუდად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია