გამოღვიძებული ნატო რუსეთს უკვე აშინებს...
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში, რუსეთის საზღვართან, გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო სწავლებას იწყებს"
21-ე საუკუნეში პირველად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას იწყებს სახელწოდებით Defender Europe 2020, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 37 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მთავარი ნიუანსი ის არის, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად პენტაგონი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში 20 ათას ოფიცერსა და ჯარისკაცს გადმოისვრის, რითაც, ფაქტობრივად, შემოწმდება ამერიკული არმიის ლოგისტიკის სისტემის გამართული ფუნქციონირება ალიანსის წევრი ევროპული ქვეყნებისთვის ოპერატიული სამხედრო დახმარების განსახორციელებლად.
თავისი საზღვრის სიახლოვეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება მოსკოვს, ცხადია, გააღიზიანებს და შეაშფოთებს. ნატოს სამხედრო გააქტიურება კრემლში აღარ მოსწონთ, მაგრამ ვინ არის დამნაშავე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეტწილად ბიუროკრატიულმა მმართველობამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა და წელში გამართვა ზლაზვნით, მაგრამ მაინც დაიწყო? რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც, ერთი ძველი ქართული ანდაზის არ იყოს, თაგვივით თხარა, თხარა და კატა გამოთხარა...
რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უსიამოვნო იქნებოდა ისიც, რომ აშშ ბელორუსთან საერთო ენის გამონახვას მონდომებით ცდილობს მაშინ, როცა მოსკოვი და მინსკი რუსული ნავთობისა და გაზის ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ბელორუსში კი რუსოფობიური განწყობის სახალხოდ გამოხატვა გახშირდა.
შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვის მიერ ფარულად მხარდაჭერილ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ "რესპუბლიკებს" დღეს შეიარაღებაში მეტი ტანკი და ჰაუბიცა აქვთ, ვიდრე - გერმანიის ბუნდესვერს, მაგრამ ნატოს დღევანდელი არცთუ სახარბიელო საბრძოლო მზადყოფნის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია მაინც წაგებული აღმოჩნდება, რადგან "ბებერ ევროპას" ისევ ამერიკელი ჯარისკაცები დაუდგებიან გვერდით, როგორც პირველი და განსაკუთრებით - მეორე მსოფლიო ომების დროს და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პირველი "ცივი ომის" განმავლობაში.
"ევროპის დამცველი 2020"-ის ფარგლებში ნატომ შეიძლება საქართველოს სამხედრო პოლიგონებზე ჩაატაროს საჰაერო დესანტის გადმოსხმის წვრთნები, რომელიც ასევე მოემსახურება ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის ოპერატიულად გადაჯგუფების ლოგისტიკური სისტემის დახვეწას. გასულ წლებში საქართველოს სანაპირომდე ასეთი გადმოსროლა საზღვაო ბორნების საშუალებით ხორციელდებოდა, პოლიგონებამდე მისასვლელად კი საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას იყენებდნენ, თუმცა რაც უნდა სწრაფი იყოს საჰაერო დესანტი, რუსეთის საოკუპაციო ძალები უფრო სწრაფად შეძლებენ თბილისი-გორის შემაერთებელი ავტომაგისტრალის ჩაკეტვას თუ ფოთის საზღვაო ბაზის ბლოკირებას.
როცა ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერები კრემლის ფაქტორის გათვალისწინებით კვლავინდებურად აბრკოლებენ ჩვენი ქვეყნის ალიანსში სრულფასოვან წევრად მიღებას, საქართველოს უსაფრთხოების გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ერთობლივი ქართულ-ამერიკული მუდმივმოქმედი სამხედრო ცენტრების შექმნა, რომელთა საბრძოლო პოტენციალი უნდა ითვალისწინებდეს ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებულ შესაძლებლობებს.
სიახლეები
- “თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ – არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა, ბოროტები და საშიშები ხართ” - ნინო ნადირაძე აქტივისტებს
- “CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს” - გრიგოლ გეგელია
- ხრაშუნა ყველის ბურთები
- “არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია” - კახა კალაძე
- “მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა” - კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე