ქობულეთში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ...
"მოწინააღმდეგის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ქობულეთში გამოკვლეული საბრძოლო ჰერბიციდების გაფრქვევა საბჭოთა გენერლებს ისევე ჰქონდათ ჩაფიქრებული, როგორც ამას ამერიკელები ვიეტნამის ჯუნგლებში აკეთებდნენ"
ნატოს ქვეყნებში მცენარეთა დასაავადებლად და მოსავლის გასანადგურებლად განკუთვნილი ბიოლოგიური იარაღის ნიმუშებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ქობულეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხრუშჩოვის ბრძანებით 1958 წელს გახსნილი ინსტიტუტებიდან ერთ-ერთის ქობულეთის ფილიალში იმ ჰერბიციდებზეც მუშაობდნენ, რომლებსაც მთავარი მოწინააღმდეგის - აშშ-ის კარტოფილის მოსავალი მთლიანად უნდა გაენადგურებინა...
1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით დახვრიტა და სისხლში ჩაახშო თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე გამართული მიტინგი, რომლის მონაწილეები კრემლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ სტალინის კრიტიკას აპროტესტებდნენ. ამ ტრაგიკულ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, 1956 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება, დაეჩქარებინა კვლევითი მუშაობა იმ ბიოლოგიური ნივთიერებების შესაქმნელად, რომლებსაც გამოიყენებდნენ სავარაუდო მოწინააღმდეგის სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და შინაური ცხოველების დასაინფიცირებლად და გასანადგურებლად, რაც მას დიდ ეკონომიკურ ზიანს მოუტანდა და მის საბრძოლო პოტენციალს შეასუსტებდა.
იმ დროს პირველი "ცივი ომი" ზენიტში იყო და ბიოლოგიური იარაღის შექმნაში საბჭოთა კავშირს არც მისი მთავარი სავარაუდო მოწინააღმდეგე - აშშ ჩამორჩებოდა. 1963-67 წლებში პენტაგონმა ვიეტნამის ჯუნგლებს თვითმფრინავებიდან (რისთვისაც, ძირითადად, ჩვენი თანამემამულის, მიხეილ გრიგორაშვილის მიერ კონსტრუირებულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს - C-123 Provider-ს იყენებდნენ) 72 მლნ ლიტრამდე დეფოლიანტი დაასხა, რათა ხეებს ფოთლები ჩამოსცვენოდა და ჯუნგლებში ჩამალულ ვიეტნამელ კომუნისტთა შეირაღებული რაზმების აღმოჩენა გაადვილებულიყო.
თუკი ამერიკელმა სამხედროებმა საზოგადოების ზეწოლის გამო თითქმის შეწყვიტეს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა, 1970-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი, პირიქით, ბიოლოგიური საბრძოლო ჰერბიციდებისა თუ ვირუსების შექმნა-წარმოების საქმეში მსოფლიოს უპირველესი ქვეყანა გახდა.
ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის ქობულეთის ფილიალში, მაგრამ ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა საბრძოლო ჰერბიციდებით განადგურების საბჭოთა საიდუმლო პროგრამის განხორციელებაში ქობულეთის ლაბორატორიებში წლების განმავლობაში მიმდინარე კვლევებმა თავისი წვლილი შეიტანა.
სიახლეები
- “თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ – არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა, ბოროტები და საშიშები ხართ” - ნინო ნადირაძე აქტივისტებს
- “CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს” - გრიგოლ გეგელია
- ხრაშუნა ყველის ბურთები
- “არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია” - კახა კალაძე
- “მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა” - კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე