"გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს" - პოლიციამ 3 პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, მარნეულში ორმა პირმა 28 წლის კაცი გაკოჭა და სარწყავ არხში დაახრჩო.
მომხდარს მათ მეგობარი შეესწრო, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ აცნობა. შემთხვევა 18 სექტემბერს მოხდა.
დაკავებულებს 7-17 წლამდე და 3-7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებენ შსს-ში.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია