"სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა, სჭირდება ხელოვნური კვება, იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია, თუმცა უარს აცხადებს"
მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა, სჭირდება ხელოვნური კვება, იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია, თუმცა კატეგორიულ უარს აცხადებს, – ამის შესახებ სასამართლოზე „ვივამედის“ მედდამ, სააკაშვილის პირადმა ექთანმა ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სააკაშვილი წონაში მკვეთრად იკლებს, საკმარისად არ იკვებება. როგორც ექთანმა აღნიშნა, მას არ შეუძლია თქმა, სააკაშვილი არ იკვებება თუ ვერ იკვებება. ექთნის განმარტებით, უნდობლობის გამო, ბოლო ერთი თვეა, სააკაშვილთან „ვივამედის“ პერსონალს საკვები აღარ შეაქვს.
„მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება ამ ბოლოს, კვების საკითხის გარდა. აგრესია არ ჰქონია ჩემ მიმართ. სრულფასოვნად არ იკვებება, ფაქტი სახეზეა, ადამიანი იკლებს, არის სუსტად. მე ვუკეთებ გადასხმებს და უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ კვებას, რომელიც ბოლო ერთ კვირაში მას სჭირდება. მას უფლება აქვს, უარი განაცხადოს. არ ვიცი, რატომ ამბობს უარს. არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში და მან უნდა თქვას. ერთი თვის წინ, უნდობლობის გამო მოხდა, რომ აღარ შემაქვს (საკვები), ვამჯობინეთ, მშობელს შეეტანა. ინტოქსიკაციის შემდეგ მოხდა ეს. 24-საათიანი რეჟიმით მიწევს მუშაობა და ჩემს მორიგეობაზე ბადრაგმა დამიძახა, ხმაური გაიგონა, ყურადღებიანები არიან. შევედი და ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში. გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. ავაყენეთ და ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მუხლებზე იყო დავარდნილი და ხელებზე დაყრდნობილი. მივდიოდი საპირფარეშოში, თავბრუ დამეხვა და ვიფიქრე, ამას დავეყრდნობიო. დამხმარე კონსტრუქციით გადაადგილდება ბოლო დროს. ბოლოს, ეტლით მიმაყვანინა თავი საპირფარეშომდე. ჩაცმა, ბანაობა, წვერის გაპარსვა თავიდან დამოუკიდებლად არ უჭირდა. ბოლო ორი თვეა, უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და ვეხმარებით. აღნიშნავს, რომ თავბრუ ეხვევა და ვარდება, ჩვენ ეს არ დაგვინახავს“, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექთანმა ქეთევან ღვინიანიძემ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"