თელავის სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მარინე ცერცვაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ადვოკატი. არჩილ დვალიშვილის თქმით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, რისი გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებულებს სასამართლო პროცესზე სიტყვით არ უსარგებლიათ.
საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, „2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს“.
წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე. სამივე მათგანს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე