“არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე - შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება” - გიორგი ბაჩიაშვილი
არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე - მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული ყველა გამოძიება, შურისძიებაა.
„ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ვერ იქნება სამართლებრივი. მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი. ჩემი ქმედება აუცილებელი მოქმედება იყო, რომ ყველანაირი ზიანი ამერიდებინა თავიდან. ყველა პროცესი ჩემს წინააღმდეგ არის შურისძიება. ამას ემსახურება ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც. ისინი სისხლის სამართლებრივ დამნაშავეებად გამოიყვანეს. მამაჩემი, რომელიც არის ქირურგი, ის ადამიანებს ეხმარებოდა და დედაჩემი, რომელიც ცნობილი ოჯახის ექიმია.
ეს არის უნამუსობა და ჩირქის მოცხება. ამას ადამიანობასთანაც არ აქვს კავშირი. მე ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება, მაგრამ, გთხოვთ, იყოთ ობიექტური [მიმართა მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიას]. არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ასევე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, შოთა ქარუმიძემ, რომელმაც, ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰყავს 3 შვილი, აქედან უმცროსი 12 წლის და დედა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია და მოსამართლეს, განაჩენის გამოტანის დროს, აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
ბრალდებულთა საბოლოო სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სათათბიროდ გავიდა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- 2026 წლიდან პენსია იზრდება
- ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ
- “მოძალადე სისტემის ხელებმა და ფეხებმა - პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ფეხქვეშ მიწა იწვის” - ალეკო ელისაშვილი სანქციებზე
- ჩეხეთმა საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, პროკურორი ლაშა კოტრიკაძე და მოსამართლეები - კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი და მიხეილ ჯინჯოლია დაასანქცირა
- “მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე” - ლევან ცუცქირიძე