კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
“ყოფილი პრემიერისა და მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებული ჩხრეკების სერიას ჯერჯერობით რაიმე გაგრძლება ჯერ არ მოჰყოლია.
კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რა სტატუსი აქვთ ამ საქმეებში ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოფიციალურად ამაზე განცხადებები არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩხრეკის შემდეგ არავინ დაუკავებიათ და დაკითხვაზეც კი არავინ გამოუძახებიათ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი კორუფციულ ბრალდებებს უკავშირება. თუმცა, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გამოძიება შეეცდება დაადასტუროს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი 4 ოქტომბრის არშემდგარ “რევოლუციასთან” და ისინი “მოღალატეებად” გამოაცხადოს. 17 ოქტომბერს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა - ჩხრეკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინებსა და სახლებში. ჩატარდა პირადი ჩხრეკებიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ.
“გამოძიება ამბობს, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები. თუმცა ოფიციალურად არ დასახელებულა რა საქმეებზე მიდის გამოძიება, რა მუხლითაა აღძრული ეს საქმეები და რა სტატუსით ფიგურირებენ მათში ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები. აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი რევოლუციის” წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რამდენჯერმე იყო ნახსენები ლილუაშვილის გვარი. “ფორმულამ” თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს “ორმაგ აგენტად” მოიაზრებებდნენ. “ნაციონალური მოძარობის” ერთ-ერთ ლიდერ ანა წითლიძის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც გამოძიება ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს დააკავებს, დაკავებულთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება. “ოცნებაში” ყველა კორუფციაშია გარეული და ეს ძალიან კარგად იციან. ამათთვის მესიჯი უნდა იყოს - “აი, “ნაცებთან” გვიღალატეს” - ეს იქნება მესიჯი, რითაც გადახარშავენ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერას. ამას აკეთებს ახლა კობახიძე და ამას ჰყვება მთელი ნარატივი”, - განაცხადა წითლიძემ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს ჩხრეკები მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ეს მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვთანხმდებოდით. არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე - ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავეთა შორის. თუმცა, ამ ბრძოლის დროს თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და თითოეულ ჩვენგანს და ეროვნული უსაფრთხოების თემებს ეხება...” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ორ ვერსიას გვთავაზობს, თუ რას და რატომ შეიძლება უკავშირდებოდეს ჩხრეკების სერია. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ “ოცნებაში” გარდატეხა მოხდა და უკვე აღარავინ არის ხელშეუხებელი”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე, ცხადია, შიდა ინფორმაციები არ მაქვს და ვმსჯელობ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველი ვერსიაა, რომ ამ ხალხს სთხოვენ ფულს და მათ ვერ მოაქვთ ან არ მოაქვთ; მეორე ვერსია - მე ეს უფრო მეჩვენება სიმართლესთან ახლოს, რასაც კობახიძე აჟღერებდა ამ დღეებში მინიშნებებით, რომ რაღაც ღალატს აქვს ადგილი. მოკლედ, ბატონ ბიძინას უღალატეს - განაწყენებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საქმე დაიჭირეს ოპოზიციასთან და დააპირეს ხელისუფლების აყირავება. თუ ეს მეორე ვარიანტია და ამას უკავშირდება, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ კიდეც; თუ პირველი ვარიანტია, შესაძლებელია უბრალოდ ფული მოატანინონ. რაც ხდება, ძალიან ბუნებრივია ყველა ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმისთვის. დიქტატურის კონსოლიდაციის პროცესში ასე ხდება - ვინც ზევით იყო, მიდის ქვემოთ; ვინც ქვემოთ იყო, ამოდის ზემოთ. ეს “წმენდა” გრძელდება იქამდე, სანამ დიქტატურა არ დაემხობა”, - ამტკიცება გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ასეთ მომენტში ცვლილებები ყოველთვის არის დიქტატორის გარემოცვაში, მუდმივად ხორციელდება გადაადგილებები, და ვიღაცას ბრალი ედება ღალატში. თუმცა “ოცნების” მხარდამჭერებზე მოკლევადიან პერიოდში ეს არანაირად არ იმოქმედებს. გრძელვადიანში შეიძლება იმოქმედოს იმ თვალსაზრისით, რომ დააფიქროს ხალხი - რომ არაფერია მარადიული და ერთგულება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისადმი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი შენი უსაფრთხოებისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შიგნით ეროზიას გამოიწვევს, თუმცა მოკლე ვადაში არ მგონია რამე მოხდეს”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“გუნდში აშკარად მოხდა გარკვეული გარდატეხა იმ მხრივ, რომ აღარავინ არის ხელშეუხებელი. განსაკუთრებით მინდა შევჩერდე ფარცხალაძეზე - საზოგადოებაში ნამდვილად იყო აზრი, რომ ეს არის ხელშეუხებელი პიროვნება, ვინაიდან ძალიან ახლოს იყო ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მე კი ვიცოდი, რომ ეს ფანტაზიების სფეროდან არის, მაგრამ ბევრს სჯეროდა... იხსენებდნენ, რომ გერმანიაში შეიარაღებულ ქურდობაზე ნასამართლევი მერე გახადეს გენერალური პროკურორი იმის გამო, რომ ასეთი მფარველი ჰყავდა, რაც იყო ტყუილი. ამიტომ კარგია, რომ ეს ტყუილი გაქარწყლდა. გვაქვს მნიშვნელოვანი ფაქტი ხელში - მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება, სადაც არავის აქვს იმუნიტეტი... როცა ღარიბაშვილი გაემგზავრა ჩარტერული რეისით მთელი ოჯახით შეერთებულ შტატებში, რაზეც თქვა, რომ მამაჩემმა გადაიხადაო, მე ვთქვი ტელევიზიით მაშინ, რომ ამ განცხადებით მხოლოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე. ან ბაკურიანის ტყის გადაცემა მეუღლისათვის, როცა პრემიერი იყო - მაშინ თქვა, რომ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბაკურიანის ტყეები გადამერჩინა. წარმოიდგინეთ საზოგადოების რეაქცია მაშინ. თუმცა ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობდა. ან ვის უნდა ჩაეტარებინა, სანამ გუნდში არ მოხდებოდა შესაბამისი ცვლილებები?!”- მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“შიდა წმენდა “ოცნების” მხარდამჭერებზე უაღრესად დადებითად იმოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „ოცნების" დღევანდელი ლიდერები მიიტანენ დროულად და დამაჯერებლად სიმართლეს საზოგადოებამდე. ძალიან ბევრზე იმოქმედებს დადებითად. იგივე ღარიბაშვილზე მე ყოველთვის დადებითად აღვნიშნავდი, რასაც ის აკეთებდა. იგივე ღარიბაშვილზე იყო მოსაზრება, რომ ვინ ახლებს ხელს, როცა საზოგადოებაში არის ეს აზრი, რომ “ოცნებაა” ხელისუფლებაში და შესაბამისად, “ოცნების” მაღალჩინოსნები რაც უნდათ, იმას აკეთებენ. ამ ყველაფრისგან ხდება გასუფთავება”, - დასძენს მამრაძე და შეკითხვზე - “დაკავებენ თუ არა “ოცნების” ყოფილ ლიდერებს?” - პასუხობს:
“ამ ჩხრეკის შედეგად თუ არის ასეთი მტკიცებულება, დააკავებენ. მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, ეს აშკარაა. შესაბამისად, გამოჩნდება ყველაფერი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს დაკავების და სასამართლოს ჩათვლით, რა თქმა უნდა”.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია