ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა არ შეეძლებათ
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა არ შეეძლებათ.
კანონპროექტის მიხედვით, აგიტაციაში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ:
- საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, რელიგიური ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა);
- სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს;
- აგრეთვე საჯარო სკოლების პედაგოგებს - სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე, არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.
კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრს;
ბ) მოსამართლეს;
გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურეებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს;
დ) გენერალურ აუდიტორს;
ე) საქართველოს სახალხო დამცველს;
ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას;
ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;
თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს.
სიახლეები
- "ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას - სისტემა უნდა დაინგრეს" - ნიკა გვარამია
- "თურმე „გლობალური ომის პარტიას“ მიშა მოჰყავს - სინამდვილეში მიშა თქვენ მოგყავთ, რადგან თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!" -იაგო ხვიჩია უმრავლესობას
- საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
- 3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია
- არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"