არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ პარლამენტის წინ დღეს, სამშაბათს, 30 აპრილს, 19:00 საათზე; ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ დემონსტრაციას.
დღეს, სამშაბათს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იწყებს „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვას.
30 აპრილს გავრცელებულ საერთო განცხადებაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი“. „თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა“, - აცხადებენ ისინი.
განცხადება არასამთავრობოების სახელით წაიკითხა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ივანიშვილის სიტყვაში „ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა“.
განცხადების თანახმად, „დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს“, რის გამოც აწყობენ არასამთავრობოები მორიგ შეკრებას.
სიახლეები
- ტირამისუ
- "სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა - „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა" - შალვა პაპუაშვილი
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს " - ანა ნაცვლიშვილი
- "ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა" - პრემიერი
- მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთის სუბსიდირებას გეგმავს