"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს სახელი მოეძებნა – ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი"- მიხეილ სარჯველაძე
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მორალური თვალსაზრისით პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ, ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„აშკარად შეიმჩნევა, რომ პრიორიტეტების ახლებურად გადალაგება ხდება, ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან. როგორც ჩანს, პრიორიტეტების კონფიგურაცია შეიცვალა და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე უფრო ღირებული სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა გახდა. ეს რა მიზნებს შეიძლება ისახავდეს, ამაზე დასკვნების გაკეთება ჩვენს საზოგადოებას არ გაუჭირდება. ეს გადაწყვეტილება არათუ გასაკვირი იყო, არამედ ყველას უჩნდება კითხვები, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ელჩი, რომელიც ღირსეულად იქცეოდა და უკრაინაში საკუთარი სამსახური ერთი დღეც არ დაუტოვებია, რაც ვაჟკაცური ჟესტი იყო უკრაინის მხარდასაჭერად, როცა კიევს შეიძლება ყველაზე მეტად უჭირდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და მორალური თვალსაზრისით გადაწყვეტილებას პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ. ამ ყველაფერს კარგი სახელი მოეძებნა – ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიქნებით.
ალბათ მცდელობა გვექნება, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები არც უკრაინის ინტერესებში არ არის და არც საქართველოსი, არც ევროპის. ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ჩვენ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, თუმცა შედეგი მხოლოდ ჩვენს მცდელობაზე დამოკიდებული ვერ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, მზად არის, უკრაინა მისთვის მიცემულ ვადაში დატოვოს.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე