ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან"

ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამო, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს საქართველო ელოდება უფრო მეტ მხარდაჭერას, როცა საკითხი ოკუპაციას ეხება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას. მისი თქმით, საჭიროა დეესკალაცია და ჟენევის მოლაპარაკებების განახლება, რაშიც ევროპა უნდა იყოს უფრო აქტიურად ჩართული, რათა ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობას.

 

„აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ან დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება. დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს ეს არის ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე.

 

საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს არ დასხმია თავს არც ერთ ქვეყანას. იგი აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას და ეს ხდება მიუხედავად 2008 წლის ომისა. ჩვენ გვინდა, რომ ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით. დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური ყველაფრის მიუხედავად და ევროპული - აი ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. რუსეთთან განახლებული დაძაბულობა, მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას. საქართველო არ უნდა ეძებდეს ფსევდო ისტორიულ ადამიანებს, რათა დაამტკიცოს საკუთარი თავი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ისტორიისა და დიდი გზის პატრონია ჩვენი ქვეყანა. 2005 წელს, მოლაპარაკებების შედეგად ბათუმიდან გავიდა რუსული გემი, რომელსაც გაჰქონდა რუსული შეიარაღება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ, ყველანი მივიღებთ მონაწილეობას, თუ ჩვენ ავიცილებთ თავიდან შეცდომებს, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. რეგიონში სტაბილურობა , შავ ზღვაზე სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსთვის და ყველა ჩვენი მეზობლისათვის. მთლიანად რეგიონს და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიამი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ. თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რომ მივიდეთ იმ წერტილში, სადაც მივდივართ და თქვენთან ერთად ვიყოთ ევროკავშირში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 631 ჯერ