April 27, 2024

“ზურაბიშვილმა უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის ჩამოყალიბებას" - ვახტანგ ძაბირაძე

“ჩემი აზრით, ჩვენი დელეგაცია ან არ უნდა წასულიყო მინისტერიალზე ისევე, როგორც არ წავიდნენ უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, ან ჩვენი მინისტრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო გაცილებით მწვავე და კრიტიკული.

მას თავისი სიტყვა უნდა აეგო არა მანამდე მომზადებულ გზავნილებზე, არამედ ლავროვის გამოსვლის საპასუხოდ. მე არ ვამბობ, რომ უნდა ელაპარაკა 2008 წლის ომის დაწყებასა და სააკაშვილზე, არამედ უნდა ეთქვა, რომ რუსეთი არის ყოვლად არასანდო ქვეყანა, რომელიც დადებულ ხელშეკრულებებს არ ასრულებს... ცხადია, უკრაინაში აგრესიაც შეიძლებოდა უფრო მკვეთრად გაგვეკრიტიკებინა. დარჩიაშვილის გამოსვლა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ წამყვან მსოფლიო მედიასაშუალებებს სწორედ მასზე ლაპარაკით დაეწყოთ მინისტერიალის გაშუქება, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენდა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეუთოს სკანდალური მინისტერიალი - “იყო თუ არა ქართული მხარე საკმარისად მკაცრი ლავროვის მიმართ?!”.

 

“სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ველოდებით და შესაბამისად, მმართველ პარტიაში ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე დასავლეთის გაკრიტიკება არ ივარგებს, ამან შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს. თანაც `ქართული ოცნება~ ყველანაირად ცდილობს სტატუსის მიღება მთლიანად საკუთარ თავზე მიიწეროს. შესაბამისად, ამით თავის მოწონება და თან დასავლეთის გაკრიტიკება აღარ გამოდის. ასე, ალბათ, სტატუსის მიღებამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, თუ დასჭირდებათ, ისევ გადავლენ დასავლეთის კრიტიკაზე. გარკვეულ ეტაპზე ეს აუცილებლად მოხდება, რადგან “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ შეეცდება შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს რადიკალურ ოპოზიციას. დარწმუნებული ვარ, ეს შინაარსი იქნება მნიშვნელოვანწილად “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პოლიტიკის განმსაზღვრელი და ამაზე იმუშავებს მათი პროპაგანდა თავისი ტროლ-ბოტებით. მათი მესიჯები იქნება იმგვარი, თითქოს დასავლეთი ებრძვის ”ქართულ ოცნებას” და არჩევნების გაყალბებას აბრალებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” რაც ხდება, არ ჰგავს მთლად სააკაშვილის თავში და თავად “ნაციონალურ მოძრაობაში~ დაბადებულ იდეებს. საამისო მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ თუ გავაანალიზებთ იმ პროცესებს, რაც `ნაცმოძრაობაში~ მიმდინარეობს, ამგვარ დასკვნამდე მივალთ - გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილმა თავის დროზე თქვა, დავშლი “ნაციონალურ მოძრაობასო” და შლის ახლა... სააკაშვილის როლი არა მგონია, ამ პროცესებში გადამწყვეტი იყოს. მეტიც, როგორც ხაბეიშვილის, ისე მელიას ჯგუფი დღეს მის გამოყენებას ცდილობს. სააკაშვილის მცდელობა კი, რომ ეს ორი ფრთა გააერთიანოს, ვფიქრობ, განწირულია. `ნაციონალური მოძრაობა~ ერთიანი ვეღარ იქნება. ამ ორი ფრთიდან დათმობაზე წასვლა უკვე არც ერთს აღარ შეუძლია. კიდევ ერთი მომენტია - ნიკა გვარამიას განცხადება, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. სულ ზღაპარი მგონია ის ლაპარაკი, რომ ხაბეიშვილი უნდა გადადგეს და რომელიღაც ორგანომ უხელმძღვანელოს პარტიას. თუ ასე მოხდა, შეიძლება ისე წავიდეს საქმე, `ნაციონალურმა მოძრაობამ~ 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს. ანუ თუ ფორმალურ ერთიანობას შეინარჩუნებენ, ასეთ შემთხვევაში ერთმანეთის დაბლოკვას მოუნდებიან. რაც დროზე დასრულდება ეს პროცესი, “ნაც მოძრაობისთვისაც” კარგი იქნება, სააკაშვილისთვისაც და მელიასთვისაც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება გვარამიას, არ მესმის, რა ელექტორალური მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს. ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, ისევ და ისევ “ნაცმოძრაობის” ელექტორატის ნაწილია - ანუ გამოდის, ეს ელექტორატი შესაძლოა ორად კი არა, სამად გაიყოს. გვარამია ნიჭიერი კაცია, მაგრამ მას მძიმე წარსული აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე მედიაში საქმიანობიდან გამომდინარე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არავითარი პარტიული სტრუქტურა არა აქვს. თავის დროზე, როდესაც ის გათავისუფლდა პატიმრობიდან, და განაცხადა, რომ მედიაში აღარ დაბრუნდებოდა და პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, იმჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო “ნაციონალური მოძრაობის” 2 ფრთა შეერიგებინა და არჩევნებამდე მაინც ერთად მიეყვანა. მაშინ გვარამია ორივე მხარისთვის მისაღები ფიგურა იყო, მაგრამ დღეს ის უკვე არც ერთ მხარეს აღარ აწყობს. ამიტომ რა პლატფორმაზე ლაპარაკობს, მაგრამ გაუგებარია. ჩემი აზრით, ეს იქნება კიდევ ერთი 5%-მდე მხარდაჭერის მქონე პარტია და მეტი არაფერი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთის დუმაში თუ რუსულ მედიაში საქართველოს შესახებ მოსალოდნელიც იყო. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ საქართველო წარმოაჩინოს “დაჭკვიანებულ” ქვეყნად და თავის მოსახლეობას კრემლის პოლიტიკის წარმატებად წარუდგინოს. რაც შეეხება აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკს, ეს ცარიელი სიტყვებია და არაფერი შეიცვლება. პირიქით, ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთი აფხაზეთის ძალიან ინტენსიურ ათვისებას იწყებს. იქ შედის რუსული კაპიტალი, ლამის ყველაფრის ყიდვას ცდილობენ, რაც აფხაზების ნაწილის დიდ პროტესტს იწვევს. ნუ დაგვავიწყდება ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებაც, რაც ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზებას უფრო პრობლემურს ხდის. ფაქტია, საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. საქართველოს მხრიდან რა და როგორ შეიცვალა, კი ვხედავთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, რომ მაინცდამაინც რუსეთის ორბიტაზე სურთ დაბრუნება. არა, ამგვარ პოლიტიკაში ძალაუფლების შენარჩუნების გზას ხედავენ. გაიძახიან, რომ მშვიდობა შეინარჩუნეს, მაგრამ ამაში მათი დამსახურება დიდი არაფერია... თუ ყველაფერზე თავს უხრი, თანხმდები და არაფერში ეწინააღმდეგები მტერს, ომს რისთვის დაიწყებს?! ხომ ფაქტია, რომ ჩვენს ხელისუფლებას რუსეთის წინაშე ლამის ყველა მიმართულებით კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

 

“მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. მას შემდეგ, რაც მან ძალიან მკაფიოდ დაიკავა პროდასავლური პოზიცია და დაუპირისპირდა ხელისუფლებას, მისმა რეიტინგმა ზრდა დაიწყო და ის ნამდვილად ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა. მას უკვე დიდი გავლენა აქვს არა მარტო პოლიტიკურ სპექტრზე, არამედ საზოგადოებაზეც. მან უკვე გააკეთა არაერთი სწორი სვლა. ამ პროცესში დადგა დრო, რომ ის დაჰპირისპირდებოდა “ქართული ოცნების” არა მარტო ფორმალურ ლიდერებს, არამედ არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაც. ამ ცოტა ხნის წინ ის პირველად ახსენა კრიტიკულ კონტექსტში. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ხელისუფლებას წერტილოვნად დაარტყას. ამას ემსახურებოდა მოსამართლეების თაობაზე მისი განცხადებები, რითაც უფრო გაანაწყენა “ქართული ოცნება”. თუმცა ვერ გავიგე, რატომ, რადგან სასამართლოს პრობლემა ყოველთვის იდგა და დგას დღესაც. ვიდრე ამ სისტემაში არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვანი, რა რეფორმებიც არ უნდა გაატარონ, ჩვენი სასამართლო ხელისუფლება დისკრედიტირებული იქნება. ამაზე ვლაპარაკობთ წლებია და მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილისგან გაუკვირდათ სასამართლოზე გაკეთებული შეფასებები?”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება უნივერსიტეტებს, “ოცნება” ცდილობს შეაჩეროს სალომე ზურაბიშვილის რეიტინგის ზრდა. ხელმოწერები, პრეზიდენტი ევროპული კურსის მხარდასაჭერად რომ აგროვებს, შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, სწორედ მისი რეიტინგის ზრდას უწყობს ხელს. ამას ხვდებიან “ოცნებაშიც”, თან ჩვენ ხომ საბჭოეთიდან დიდად შორს არ წავსულვართ, რომელი უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ახლა დამოუკიდებელი?! რაც უთხრეს ზემოდან, ის გააკეთეს, ოღონდ ეს მეთოდები დიდად არ ჭირს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ჭრიდა. როგორ გამოიყენებს ამ მზარდ პოლიტიკურ რეიტინგს სალომე ზურაბიშვილი, ჯერ რთული სათქმელია. თუ რეალურად შეეცდება ამ რეიტინგის გამოყენებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მაშინ უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის ჩამოყალიბებას, ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში მოხერხდება “ოცნებისა” და “მოძრაობის” თანაფარდი მესამე ძალის ჩამოყალიბება. თუ დარჩება პრეზიდენტის პოსტზე და ისე შეეცდება პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას, არ ვიცი, რა შედეგი ექნება. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, რაც დღეს ხდება ოპოზიციაში, მაშინ “ქართულ ოცნებას” დიდი უპირატესობით გამარჯვებისთვის არჩევნების გაყალბებაც არ დასჭირდება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 203 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.