ამ გვერდის ამობედვა

"ჭუბერის გზა გოლგოთა იყო, რომელიც აფხაზეთისა და საქართველოს მოსახლეობამ გაიარა“- ფრიდონ შუბითიძე

აფხაზეთის ომი დიდი ტრაგედიაა ყოველი ქართველისთვის. არც მე ვარ გამონაკლისი. აფხაზეთთან უამრავი რამ მაკავშირებს: ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა და ბევრი მოგონება,  რაც  სითბოსთან, სიყვარულთან, სილამაზესთან  და სილაღესთან ასოცირდება. აფხაზეთი განსაკუთრებული ადგილია, რომლის გარეშე წარმატებული საქართველოს შექმნა შეუძლებელი იქნება, -ასე იხსენებს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე მშობლიურ მხარეს.

აფხაზეთის ომი საქართველოს მოსახლეობისთვის, ისტორიაში არსებული, ერთ-ერთი დიდი ტრაგედია. ტკივილი, რომელიც მხოლოდ მაშინ გამთელდება, როცა ის ისევ საქართველოს დაუბრუნდება. 1993 წლის 27 სექტემბრის აფხაზეთის ომიდან 27 წელი გავიდა - ეს ის დროა, როცა  თითოეული ჩვენგანი, მუდმივად საუბრობს რუსულ ოკუპაციაზე და მის შედეგებზე.

 

FirstNews.ge- თან საუბარში ფრიდონ შუბითიძემ უფრო სიღრმისეულად გაიხსენა 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე...  

 

- 1993 წლის 27 სექტემბერზე იშვიათად ვსაუბრობ... ერთწლიანი ომის შემდეგ ეგრეთ წოდებული “პერიმერია“ გამოცხადდა და ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უნდა დაბრუნებოდა სოხუმი. იმ პერიოდში მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი. სექტემბრის თვეს უნივერსიტეტმა სწავლაც კი  განაახლა. ჩვენც, ყველანი ახალი გეგმებით, იდეებითა და ბედნიერი მომავლის იმედით დავბრუნდით მშობლიურ მხარეში. 16 სექტემბერს, სულ რაღაც ორ კვირაში, აფხაზურმა მხარემ ისევ ცეცხლი გახსნა....ტყვიების წვიმა მაიაკის დასახლებაში წამოგვეწია მე და ჩემს მეუღლეს (ირმა შამათავას) ,სადაც მეგობრის მამის სამძიმარზე ვიყავით მისულები.... სახლში მისულს კი ახალი ამბავი დაგვხვდა, რომ ჩემი სიძე (დის ქმარი, ვალერი „ბახუტა“ მუმლაძე, რომელის უმცროსი ძმა (ვახტანგი „ვახო“) უკვე დაღუპული იყო აფხაზეთის ომში) საომრად მოხალისედ  წასულ იყო სოხუმის დასაცავად,  დაღუპული ძმის იარაღით...

 

მეორე დილით კი ამბავი მოგვიტანეს, რომ ვალერი დაჭრილიყო და სასწრაფო ოპერაცია უტარდებოდა საავადმყოფოში. მის გვერდით გავატარე მთელი დღე, მაგრამ ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბახუტა გარდაიცვალა და ჩემი 27 წლის და(ნატო) სამი შვილით ხელში დაქვრივდა... საშინელებათა ფილმს ჰგავდა ჩვენი მაშინდელი ყოფა... მიცვალებულს საკუთარმა მამამ (მაკარი) სასახლე დაუმზადა. მეორე დღეს მისი დასაფლავებაც არ გვაცალეს, ბრძოლა უკვე სოხუმის ქუჩებში მიდიოდა, ტყვიების ზუზუნი იკლებდა იქაურობას. დასაფლავების წესის აგებაც კი ვერ მოვახერხეთ. მამას მოუხდა საკუთარი შვილის დასაფლავება. ვერც ერთი ვერ გავყევით მიცვალებულს. დღეს არავინ იცის მისი ცხედრის ადგილსამყოფელი... არც ეს გაჭირვება არ გვაკმარა განგებამ და იძულებულები გავხდით იმ დღეს სოხუმი დაგვეტოვებინა. მთელი უბნის დასახლება დიდი სატვირთო მანქანით უფრო დაცულ ადგილას, წებელდაში ახლობლის სახლში გადავედით სამი პატარა დისშვილით, ახლად დაქვრივებული დით, მეუღლით და უმცროსი ძმით (როლანდი).

 

-   ამ დღეს მოსახლეობა სხვადასხვა გზით გადმოვიდა... თქვენ რომელი გზით წამოხვედით და რა პირობებში მოგიწიათ ყოფნა?

-  წებელდიდან სოხუმში დაბრუნება უკვე შეუძლებელი გახდა, რის გამოც მოგვიწია წებელდიდან კოდორის ხეობით სვანეთში გადმოსვლა.

საშინელი გრძნობაა, როცა იცი რომ ომი წააგე, სახელმწიფო ვერ გიცავს  და გადარჩენისთვის უნდა გაეცალო იქაურობას, იმიტომ რომ სხვა ომი გელოდება წინ რასაც ახალი გამოწვევები ჰქვია. თან უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია, ქვრივი და, უმამოდ დარჩენილი ბავშვები და უმცროსი ძმა უნდა გაიყვანო სამშვიდობოს. უბრალოდ ეს შენი მოვალეობაა. სწორედ ეს გრძნობა მაძლევდა ძალას რომ იმ წარმოუდგენელ მდგომარეობაში მემოქმედა და სამშვიდობოს გამოვსულიყავით ყველანი. ორი კვირა მოვანდომეთ წებელდიდან ჭუბერში გადმოსვლას.

 

- როგორი ემოციები და განცდები გაკავშირებთ ამ დღესთან დაკავშირებით? (რას გრძნობდით მაშინ და რას გრძნობთ დღეს?)

- ჭუბერის გზა იყო გოლგოთა რომელის გავლა მოუხდა აფხაზეთის და საქართველოს მოსახლეობის ნაწილს. ზოგმა ვერც კი შეძლო და სამუდამოდ დარჩა იქ, ზოგიც აფხაზეთში, ზოგიც კი ჭუბერის მთებში.. ამ დროს ჩემს თვალწინ უამრავმა ტრაგედიამ, შიმშილმა, სიკვდილმა და სიცივემ ჩაირა. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი დახმარება გაგვიწია კოდორისა და ჭუბერის მკვიდრმა მოსახლეობამ. ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ, ზოგი რას გვაწვდიდა და ზოგი რას. მთებში, წვიმასა და სიცივეში ორი კვირის სიარულის შემდეგ ჭუბერში ახლობლის (ჩხეტიანების) ოჯახამდე მივაღწიეთ. ჩხეტიანების ოჯახი იფარავდა, აპურებდა და დახმარებას უწევდა თითქმის ყველას,  ერთ საღამოს 70 მძინარი ადამიანი დავითვალე მათთან. ასეთმა ოჯახებმა ბევრი ადამიანი გადაარჩინეს და ეს უნდა იცოდეს ყველამ. 

 

-  როგორი სახით ჩაიწერა ეს დღე ისტორიაში?

- 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, ყველა ქართველისათვის არის უდიდესი ტრაგედიის დღე. საქართველომ ამ ომით მხოლოდ ტერიტორიები კი არ დაკარგა, ამ ომმა ფიზიკურად შეიწირა  გამორჩეული თაობები, პატრიოტი ადამიანები, ქვეყნისთვის თავდადებული გმირები და უდიდესი უარყოფითი დაღი დაგვასვა ყველას, ვინც სამშვიდობოს გადმოვედით. ამ ომმა ძალიან დიდი დროით გადაწია საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ქვეყნის ეროვნული ერთიანი აღმშენებლობის მიმართულების ჩამოყალიბება და განვითარება. სწორედ ამ ომის შედეგებს იმკის ქვეყანა დღეს და სამწუხაროდ ამის აღმოფხვრას, შეიძლება კიდევ მომავალი 20-25 წელი დასჭირდეს.

 

-  როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთის ომის თავიდან აცილება?

- ჩემი აზრით, სწორი და გონივრული გათვლებით ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ,  მიუხედავად იმისა ომი იყო აფხაზეთში, ეს არ იყო ომი საქართველოს მოქალაქეებს, ანუ ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ ომის გეგმა ალბათ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა. საბჭოეთის ჩამოშლის შემდეგ, პირველი პროვოკაცია ომის დაწყებისა იყო 1989 წლის ივლისში, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა არ წამოეგო. მაგრამ სამი წლის შემდეგ, სამწუხაროდ საქართველო წამოეგო წინასწარ დაწერილ პროვოკაციას და ჩაერთო ამ ომში. ომში, რომელმაც რამდენიმე ათეული წლით გადასწია ძლიერი და ერთიანი, ქართული, სახელმწიფოს შექმნა.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

 

წაკითხვა 1830 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2020

სიახლეები