“ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები იგეგმება. ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას მიერ დამტკიცებულ სწავლებაში ჩაერთვება არტილერია, ავიაცია, ჯავშანტექნიკა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ადგილობრივი მედია პროცესს გეგმურ, თავდაცვით ვარჯიშად წარმოაჩენს, ხოლო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, მანევრები შესაძლოა უკრაინული დრონებისგან თავდაცვას უკავშირდებოდეს. 12-16 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნების გეგმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაამტკიცა. საორგანიზაციო საკითხები გუნბამ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ბესლან ცვიჟბასთან და გენშტაბის უფროს ვლადიმირ სავჩენკოსთან განიხილა. “მასშტაბურ წვრთნებში” მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები და რეზერვისტები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთში დიდი წვრთნები იგეგმება – უკავშირდება თუ არა ეს უკრაინული დრონების გააქტიურებას.
“დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს ჯარების გამოყენების სხვადასხვა მეთოდის დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებას”, – იუწყება პრესსამსახური. აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები 2025 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა. ადგილობრივ მედიაში ეს ღონისძიება წარმოჩენილია, როგორც რუტინული, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვევიოს. მას აშუქებენ, როგორც “გეგმურ, თუმცა აუცილებელ თავდაცვით ვარჯიშს”, რომლის მთავარი მიზანიც შიდა აუდიტორიის დამშვიდება და რუსეთთან სამხედრო ალიანსის სიმტკიცის ხაზგასმაა. სამხედრო-ანალიტიკურ თუ ლოკალურ “ტელეგრამ-ჩატში” მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ “როგორც იქნა, აქცენტი კეთდება უპილოტო აპარატებსა და რადიოელექტრონულ ბრძოლაზე”. იგრძნობა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს აინტერესებთ, რამდენად რეალურად ფლობს ადგილობრივი არმია ამ ტექნოლოგიებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსული სააგენტოები ხაზს უსვამენ, რომ წვრთნები ტარდება “ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში” და მიზნად ისახავს რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული დაჯგუფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა ეს წვრთნები უკრაინის ომს უკავშირდებოდეს, თუმცა გააჩნია რა სახისაა. “ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკური წვრთვნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში სულ ტარდება. ამას ასე პირდაპირი კავშირი უკრაინის ომთან არა აქვს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შესაძლებელია მაინც იყოს კავშირში, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად მოსალოდნელია. გააჩნია რა სახის წვრთნები ტარდება – თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წვრთნებია, მაშინ ეს, რა თქმა ეს ბუნებრივად უკავშირდება უკრაინის ომს”, – მიიჩნევს მაისაია, რომლის თქმით, “კერძოდ, უკავშირდება უკრაინული დრონებისგან თავდაცვასა და მოსახლეობის დამშვიდებას”, – დასძენს გამოცემა.







