„ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.
…
სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!” – ეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის ციტატა რუსთავის საპატიმროდან.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილებს ავრცელებს, საიდანაც თანაგუდელებს მიმართავს, რომ არავის ებრძვის და ზურგში დანა მათ ჩაარტყეს. ამ საკითხზე კი საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია.
„ახლა, როცა ღარიბაშვილის ბედი სწორედ ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მას უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. ყოველ შემთხვევაში, მისი ეპისტოლარული აღტკინების მოტივაცია სწორედ ესაა, მაგრამ როგორც შინ გამოზრდილ სახეობას, ღარიბაშვილს რეალობის ადეკვატური აღქმა არ აქვს, ამიტომ, თვითგადარჩენის ინსტინქტის ამოქმედების მიუხედავად, ის სწორ ნაბიჯებს ვერ დგამს,” – ასე აფასებს ყოფილი პრემიერის ირგვილივ განვითარებულ მოვლენებს ,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი FirstNews.ge- თან საუბარში.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა ოდნავ მაინც რომ იცოდეს ისტორია, მიხვდებოდა, რომ მის ამ წერილებს ის შედეგი ვერ მოყვება, რისი იმედიც მას აქვს.
უფრო ვრცლად ამ და სხვა თემების შესახებ საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ ინტერვიუს ზაზა ბიბილაშვილთან:
– თქვენი აზრით რატომ ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს ციხიდან? ეს ვისი პოლიტიკური თამაშია? ბიძინასი თუ თავად ღარიბაშვილის? რის მიღწევას ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილი?
– ბევრი ამბობს, ღარიბაშვილი ტრაგიკული პიროვნებააო. მიჭირს, დავეთანხმო ამ აზრს. ღარიბაშვილი არც ტრაგიკულია და არც პიროვნება. ტრაგიკულობას სიღრმე ჭირდება. გააზრება. თვითაღქმა. ღარიბაშვილი კი იმთავითვე კომიკური პერსონაჟი იყო. პატრონის ყურმოჭრილ მონობაში აღზევებულ-გაყეყეჩებული “ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება“ (შევახსენოთ მკითხველს – სწორედ ასე მოიხსენია მოქალაქე ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ადრეული ქოციანობისას). გნებავთ – „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ (ეს უკვე მეორე პრემიერობის დროინდელი სიტყვებია, რომლებითაც ივანიშვილი ღარიბაშვილს მოიხსენიებს), ანაც – „ტრი-ტრი“ ან „ანტუნიი“, როგორც მას ბიძინა ივანიშვილის შვილი, უნიჭიერესი რეპერი და საზოგადო მოღვაწე, ბერა ივანიშვილი, მოიხსენიებდა.
კერძოდ, თავის წერილებში ის ცდილობს დამნაშავეებად კობახიძე და მდინარაძე წარმოაჩინოს და თავი პატრონისადმი ერთგულების დემონსტრირებით გადაირჩინოს. მაგრამ ეს არასერიოზულია. და ეს მიდგომა ეყრდნობა როგორც ისტორიის უციდონრობას, ისე იმ სისტემის ფუნდამენტურად ვერგაგებას, რომლის შეგნებული და აქტიური ნაწილიც იყო ღარიბაშვილი ამდენი წლის მანძილზე.
თავის დროზე იგივე შეცდომა დაუშვეს სხვა მართლმორწმუნე ქოცებმაც, რომლებიც გამოიყენეს და გადააგდეს რუსებმა ანტიქართული საქმის კეთებისას. მაგალითად, რუსი ფეესბეშნიკების პოლიტპატიმრის სტატუსით განმათავისუფლებელმა ბესელიამ, როცა მისი პრობლემების წყაროდ ზარდიაშვილი და სხვა მსგავსი რანგის უსახური ქოცბიუროკრატები წარმოაჩინა, საკუთარ თავს კი “1 ოქტომბრის იდეალების” ერთგულად ხატავდა (მაგ იდეალებმა დაღუპა საქართველო!). იგივე “შეცდომა” დაუშვეს ხიდაშელმა და უსუფაშვილმა, როცა მათი პრობლემების წყაროს ყველგან ეძებდნენ ივანიშვილის გარდა, ხოლო “ოცნების” კოალიციიდან გამოგდების მერე, ლამის 2 წელი, ისევ საჯარო სიგნალებს უშვებდნენ ოლიგარქის მიმართულებით – ამ საქმეს ისევ ჩვენ გაგიკეთებთ ჩვენს შემცვლელებზე კარგადო. იგივე შეცდომას უშვებდნენ დასახვრეტად ან “თავის მოსაკლავად” გამზადებულ-განწირული ბოლშევიკები, რომლებიც სტალინსა და პარტიას ბოლო წამამდე ერთგულებას ეფიცებოდნენ…
ვიმეორებ – ეს ყოველივე მიუთითებს ღარიბაშვილის და მისნაირების მიერ იმის ვერ და არგააზრებას, თუ რა მოხდა საქართველოში 2012 წლის პირველ ოქტომბერს და რა ტიპის სისტემაში ვცხოვრობთ მას შემდეგ (დიახ, სწორედ მას შემდეგ – უკვე 14 წელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალობა ყველასათვის – მათ შორის, ყველაზე მიამიტებისა და საქმეში ჩაუხედავთათვის – მხოლოდ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გახდა აშკარა).
თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ღარიბაშვილის წერილები “ივანიშვილის თამაში” ვერ იქნება, რადგან ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს. კობახიძეები და მდინარაძეები ივანიშვილის გარეშე უბრალოდ არ არსებობენ. პოლიტიკურ არსებობას ვგულისხმობ, რასაკვირველია. ყველაფერი, რასაც კობახიძე აკეთებს, ივანიშვილის ნებაა – იმ ეტაპზე. სხვები ოდენ შემსრულებლები არიან.
ღარიბაშვილმა ოდნავ მაინც რომ იცოდეს ისტორია, მიხვდებოდა, რომ მის ამ წერილებს ის შედეგი ვერ მოყვება, რისი იმედიც მას აქვს. მეორე მხრივ, ის უკვე მრავალგზის გამოყენებული, გასვრილი და უამრავ დანაშაულში გარეული კადრია, რომლის მიმართ საზოგადოების სოლიდარობა და თანაგანცდა ნულთან ახლოსაა. რუსული რეჟიმისთვის ის პოლიტიკურად უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ ექცევა მას ივანიშვილი (და არა კობახიძე) ასე ანგარიშმიუცემლად და ულმობლად.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა მამუკა მდინარაძე თანამდებობიდან?
– ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით – სისტემა ჯერჯერობით კარგად აკონტროლებს იმას, რომ შიდა ინფორმაცია მხოლოდ იმ დოზით გაედინებოდეს, რა დოზითაც თავად სისტემის არქტიტექტორებს აწყობთ. ასევე, “გადადგა” ისევ მამუკა მდინარაძის თავისუფალ ნებას გულისხმობს, რაც ქოცებს დიდი ხანია, აღარ გააჩნიათ. მამუკა მდინარაძე კი არ გადადგა, ის გადადგეს. როგორც ჩანს, მან ამოწურა თავისი რესურსი მისი გამომყენებლის თვალში. თუ რატომ, ეს უმნიშვნელოა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ადრეული ბოლშევიზმისა და ქოციანობის ხანის მაგალითები კარგად გვაჩვენებენ, რომ სწორედ ესაა ჟანრის ლოგიკა – ადამიანებს იყენებენ, ჯერ მათთვის უადგილო ადგილას ამწესებენ, მერე აღჭურვავენ დიდი, მაგრამ ნდროებითი ძალაუფლებით, აკეთებინებენ ათას უკანონობასა და სიბოროტეს, სვრიან უდიდეს კორუფციასა და სხვა მძიმე დანაშაულებში, ამით პოლიტიკურად და ადამიანურად ანეიტრალებენ, როგორც გაჭრილ კარტს, შემდეგ კი მოისვრიან, როგორც უსარგებლოს, არასაჭიროსა და უსაფრთხოს.
– როგორ შეაფასებდით ოპოზიციის როლს დღევანდელ პოლიტიკურ ფონზე? რამდენად “ცოცხალია” ოპოზიცია?
– ოპოზიციაზე ბევრი გვისაუბრია და, ამ ეტაპზე, არ ვისურვებდი ამ მიმართულებით დამატებით ბევრის თქმას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ოპოზიცია, კლასიკური პარტიულ-პოლიტიკური გაგებით, არ არსებობს. სინამდვილეში, ერთ მხარესაა საქართველოს რუსული ადმინისტრაცია (ადრე რომ პრორუსულ რეჟიმად მოვიხსენიებდით), რომელიც დაპატრონებია ქვეყანას და რომელიც ლამის ყოველდღიურად იმსახურებს ოკუპანტის – ანუ საქართველოს მტრის – ქებას, მეორე მხარეს კი – ქართველი ხალხი, თავისი სრული მრავალფეროვნებითა და სიდიადით. ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნიშაზე “მოჯდომას” ბევრი მსურველი ჰყავს – უმეტესობა სრულიად არაადეკვატური – მაგრამ სურვილი სხვაა და რელობა – სხვა. ხშირად არ არსებობს არანაირი “ქიმია” ლიდერობის მსურველებსა და ხალხს შორის და ეს ქიმია ძალით ვერ შეიქმნება. მიუხედავად ამისა, მე მჯერა ბუნებრივი კონკურენციისა და გადარჩევის. რაც მთავარია, მე მჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების – როგორც რუსეთისგან გათავისუფლების, ასევე – საქართველოს დეოკუპაციისა და გაერთიანების საკითხში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსურვებ მოძმე უკრაინელ ერს გამარჯვებას საერთო მტრის – რუსეთის წინააღმდეგ სამართლიან, თავდაცვით ომში. მჯერა, ეს დღეს შორს არაა.








