გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის – სოხუმის დაცემის დღე. მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, ხელის განძრევა, რადგან მაინც წააგებთ, მაინც დაგაჩმორებთ. მე მოვედი აქ, რათა გითხრათ – ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა. ჩვენ არ ვართ ჩმორები და ვერ დაგვაჩმორებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.
„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე. მე მაშინ, 1992-ში, 93 წლის ზაფხულამდე, ხშირად დავდიოდი სოხუმში, აფხაზეთში, ვმუშაობდი ამ თემების გარშემო, მე არ მეჭირა ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში. სხვათაშორის, მის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი.
მე კარგად მახსოვს მაშინდელი სოხუმი. მე ჯერ მახსოვს ჩემი ბავშვობის სოხუმი. დედაჩემთან ერთად აჭარული ხაჭაპურის ჭამა სოხუმის ბულვარში, ჩემს დიდ ბებია და ბაბუასთან ერთად დავდიოდი გაგრაში, სილაღე, სიფერადე და მე მახსოვს ომისდროინდელი სოხუმი – სრულიად შავ-თეთრი, მკვდარი ქალაქი. მაშინ დავდიოდი ტყვეების გაცვლაზე. მახსოვს სოხუმის დაცემის დღე.
ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. რუსეთი საქართველოში შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ შემოვიდა სახელმწიფოს დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის იმედებისა და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ, ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.







