ასტროლოგი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“აზერბაიჯანის პასუხი საქართველოსადმი იყო ყოვლად ამაზრზენი და დამცინავი! სამწუხაროა, რომ ამას სათანადოდ არ ავრცელებენ მედია.სააგენტოები!
მოგეხსენებათ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში რაღაც გაურკვეველი სახის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
საპატრიარქომ საკმაოდ მშვიდი ტონით და გულისტკივილით ახსენა და აინტერესებდა თუ რაში იყო საქმე?
ამაზე კი აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროდან წამოვიდა შემდეგი შინაარსის განცხადება: ,,საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, გაუგებარია”.
ამჟამად საინგილო რომ სხვა სახელმწიფოს ეკუთვნის გასაგებია, თუმცა ისტორიულმა ძეგლებმა რა დააშავა რომ აღარც კითხულობთ იქ თუ რა შეიძლება რომ ჩატარდეს და რა არა?!
ე.ი. ჩვენც მასე უნდა მოვექცეთ მუსულმანურ კულტურას და იმ ისტორიულ ძეგლებს, რაც კი რამე არსებობს საქართველოში?
ეს არის ყოვლად გაუგებარი და ამაზე უკვე სახელმწიფომ უნდა გასცეს შესაბამისი პასუხი და უნდა ჩაინიშნოს შეხვედრები საწყის ეტაპზე, თუნდაც დიპლომატიური ხასიათის რომ გაირკვეს რა ხდება და მეორედ, როცა დააპირებენ ასეთი ტაძრების გადათხრას და სამუშაოების ჩატარებას, გვკითხონ მაინც, ელემენტარული ეტიკეტია, რაც დაცული უნდა იყოს ქვეყნებს შორის უერთიერთობაში.
და თუ მაინც არ გაიგებენ, არ ასცდეთ ქურმუხის წმინდა გიორგის პასუხი!”- წერს გიორგი ლობჯანიძე.
შეგეხსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის გარე და შიდა საძირკველია ამოთხრილი”. მათივე ცნობით, აღნიშნული “საქართველოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს”. მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და დაწერა, რომ “შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ”.
მათივე განცხადებით, “უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე, რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ, ასევე, როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა”.
საპატრიარქოს განცხადებას მალევე განცხადებით უპასუხა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
“საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას.
მიუღებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით მოხსენიება.
აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მსგავსი პატივისცემის გამოვლენა ორ ქვეყანას შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
სწორედ ამ თვალსაზრისით არის გაუგებარი საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს.
ამასთან დაკავშირებით, სომხური ეკლესიის ცნობილი მიდგომების გამეორება ან მისი გზის გაგრძელება რეკომენდებული არ არის.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს” – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.







