აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალურმა უწყებებმა ხელოვნური ინტელექტის აღსანიშნად ტერმინი „Super Intelligence“ – „სუპერინტელექტი“ (SI) უნდა გამოიყენონ.
როგორც ცნობილია, ახალი სახელწოდება უნდა გამოიყენონ ოფიციალურ მიმოწერაში, საჯარო კომუნიკაციებში, ვებსაიტებზე, ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში.
თეთრი სახლის განცხადებით, ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ უკვე აღარ ასახავს იმ შესაძლებლობებს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები ავითარებენ. ადმინისტრაციის განმარტებით, „სუპერინტელექტი“ უკეთ გამოხატავს ტექნოლოგიის პოტენციალს და მის შესაძლებლობას, გააფართოოს ადამიანის შემოქმედებითი და სამეცნიერო შესაძლებლობები.
„ჩვენ ოფიციალურად ვარქმევთ მას სუპერინტელექტს. როდესაც ამბობ ხელოვნურ ინტელექტს, ის ხელოვნურია. ეს არის ექსტრემალური ინტელექტი, უმაღლესი ინტელექტი… ჩვენ მას სუპერინტელექტს ვუწოდებთ“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, სუპერინტელექტის განვითარება შესაძლოა ინტერნეტისა და ინდუსტრიული რევოლუციის მასშტაბის ცვლილება იყოს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ამ სფეროში ჩინეთთან კონკურენციაში ლიდერობის შენარჩუნებას ცდილობს.
“შეერთებული შტატები სუპერინტელექტის სფეროში მსოფლიო ლიდერია და ფედერალურმა მთავრობამ უნდა გამოიყენოს სახელი, რომელიც ასახავს ამ ტექნოლოგიების სრულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს. შეერთებული შტატები ხელოვნური ინტელექტის სამშობლო და ამ სფეროს მამოძრავებელი ძალაა; ქვეყანა 70 წელზე მეტია, რაც ლიდერობს მის განვითარებასა და დანერგვაში, კვლევის სფეროდ დაარსების დღიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმავე დღეს თეთრ სახლში ტრამპი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ OpenAI-ის, Anthropic-ის, Meta-ს, Google-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები, მათ შორის გრეგ ბროკმანი, დარიო ამოდეი, მარკ ცუკერბერგი, სუნდარ პიჩაი და ჯენსენ ჰუანგი.
შეხვედრის შედეგად კომპანიებმა ასევე ხელი მოაწერეს ნებაყოფლობით შეთანხმებას, რომელიც სუპერინტელექტის უსაფრთხოების მიმართულებით თვითრეგულირებას ითვალისწინებს. კომპანიები შეთანხმდნენ, რომ გამოიყენებენ შიდა კონტროლის მექანიზმებს, ასევე ითანამშრომლებენ დამოუკიდებელ აუდიტორებთან, რომლებიც შეაფასებენ, რამდენად მუშაობს უსაფრთხოების სისტემები.
მარკ ცუკერბერგის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს „ძლიერი შიდა კონტროლის მექანიზმების“ შექმნას, რისკების შეფასებას და რამდენიმე ეტაპისგან შემდგარ აუდიტს.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა შეიქმნას დაახლოებით 10-კაციანი საბჭო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ანუ ახალი ოფიციალური ტერმინით – სუპერინტელექტის – უსაფრთხოებას გააკონტროლებს.
შედეგად, აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიის ოფიციალური სახელწოდება „ხელოვნური ინტელექტი“ შეიცვალა. ბრძანება პირველ რიგში აშშ-ის ფედერალურ ხელისუფლებას ავალდებულებს, საკუთარ ოფიციალურ კომუნიკაციებში გამოიყენოს „Super Intelligence“ და „SI“.








