“სახლი და ეზო, სადაც დაიბადე და გაიზარდე, მარტო თავშესაფარი არ არის. ეს არის შენი წარსული და ციხე-სიმაგრე. ხოლო წინაპრების თუ ახლობელი ადამიანების საფლავები, ადგილი, რომელიც წმინდაა, ვით ტაძარი. თუ ამ ადგილებთან მიახლოების უფლება არ გაქვს, ეს იმას ნიშნავს რომ ხარ შინაგანად, სულიერად განადგურებული”- ასე იხსენებს აფხაზეთს ფილოლოგი და საგნმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი მაკა ბელქანია FirstNews.ge– თან საუბარში.
მისი თქმით, ახალგაზრდები, რომლებსაც აფხაზეთი საკუთარი თვალით არ უნახავთ, ბავშვობიდან უსმენენ ოჯახურ ისტორიებს, რომლებიც სავსეა მოგონებებითა და ემოციებით. დროთა განმავლობაში ეს ისტორიები მათ პირად მეხსიერებადაც იქცა. ბევრ მათგანს აფხაზეთი არ უნახავს,მაგრამ მის მიმართ კავშირისა და მონატრების განცდა მაინც აქვს.
როგორ გაიზარდა შერეულ ოჯახებში დაბადებული ახალი თაობა, რა ბარიერებსა და სტიგმებს აწყდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში? – ამ და სხვა საკითხებზე Firstnews.ge – თან მაკა ბელქანია საუბრობს:
– შერეულ ოჯახებში დაბადებული ახალი თაობის ახალგაზრდებს ზოგჯერ უხდებათ გაუმკლავდნენ კითხვებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც მათგან ერთმნიშვნელოვან არჩევანს მოითხოვს. არადა ეს ადამიანები ორივე მხარის ისტორიას, ტკივილსა და სიყვარულს ატარებენ. ამიტომ ვფიქრობ მათი მთავარი გამოწვევა საკუთარი მრავალშრიანი იდენტობის შენარჩუნებაა, ხოლო საზოგადოების ამოცანაა მათი მიღება და პატივისცემა.

– თქვენი აზრით, რა არის ის საერთო კულტურული და სულიერი კოდი, რაც ომმაც კი ვერ გაწყვიტა?
– ომმა შეიძლება ადამიანები დააშოროს ერთმანეთს და ფიზიკური საზღვრები შექმნას, მაგრამ ვერ წაშლის საერთო მეხსიერებას, ბავშვობის მოგონებებს, წინაპრების კვალსა და იმ ადამიანურ სითბოს,რომელიც თაობებს აკავშირებს. სწორედ ეს არის, ჩემთვის, ის სულიერი კოდი, რომელსაც ომმა ვერ გდაუარა.
– როგორ შეიძლება აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივი დაცვა გაქრობის საფრთხისგან (ასიმილაციისგან)?
– დღეს, როცა დანარჩენი საქართველოსგან ოკუპაციით არის გამიჯნული, აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივად დაცვა ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობა შეზღუდულია. ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში გარუსების სერიოზული პრობლემა დგას. კარგი იქნება თუ აფხაზეთის საზოგადოება ამას დროულად გააცნობიერებს, რომ ენისა და კულტური მემკვიდრეობის დაცვა მხოლოდ და მხოლოდ ქართველებთან ერთად იქნება შესაძლებელი. ამ ორმა საზოგადოებამ ეს უნდა შევძლოთ.

– როგორ შეიძლება აღდგეს პირდაპირი, სახალხო დიალოგი და ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის?
– ჩემი აზრით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარდა, პირდაპირი სახალხო დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს ადამიანებისგან – იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური, მეგობრული და პროფესიული კავშირები ჰქონდათ. მიუხედავად ორივე მხარეს დაღვრილი სისხლისა, მზად უნდა ვიყოთ ახლი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი და ერთად ვამხილოთ ოკუპანტი ქვეყანა თავის უღირს საქციელში.







