ჟურნალში PLOS ONE გამოქვეყნებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლებს სახეობათაშორისი კომუნიკაცია შეუძლიათ. კალიფორნიის უნივერსიტეტში (University of California) ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელმაც შინაურ ცხოველებს ხმოვანი ღილაკების გამოყენება ასწავლა, მსოფლიოში უდიდესი პროექტის ნაწილი გახდა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ღილაკების გამოყენებას მიჩვეული ძაღლები გარკვეულ სიტყვებს აღიქვამენ და მათზე შესაბამისად რეაგირებენ. იმის მიუხედავად, პატრონი წარმოთქვამდა, უცხო ადამიანი თუ ღილაკი, ძაღლები სწორად რეაგირებდნენ სიტყვებზე: „თამაში“ და „გარეთ“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძაღლები მხოლოდ პატრონის სხეულის ენას კი არ კითხულობენ, არამედ ნამდვილად ესმით სიტყვები და მათ შინაარსს ამუშავებენ.
„ჩვენმა კვლევამ დაასრულა საზოგადოებაში არსებული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობის გააზრება. შედეგები აჩვენებს, რომ ძაღლები უშუალოდ სიტყვებზე რეაგირებენ და არა თანმდევ სიგნალებზე“.
კვლევა ორ ურთიერთდაკავშირებულ ექსპერიმენტს მოიცავდა. პირველში 30 ძაღლი და მათი პატრონი მონაწილეობდა, სადაც დამკვირვებლები ძაღლების ღილაკებზე რეაქციას აკვირდებოდნენ, მეორეში კი 29 ძაღლის პატრონი ცდებს დამოუკიდებლად, დისტანციური ინსტრუქციების მიხედვით ატარებდა. კვლევის სანდოობას განსაკუთრებით ის გარემოება ამყარებს, რომ მისი მეთოდოლოგია ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო.
ეს ნაშრომი სრულიად ახალ ჰორიზონტს ხსნის ადამიანისა და შინაური ცხოველის ურთიერთობის შემდგომი კვლევისთვის და ძაღლების შემეცნებითი სამყაროს სიღრმისეულ გააზრებაში გვეხმარება.







