შაბათს, 17 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართული საპროტესტო აქციის დროს მიყენებული ზარალი დაახლოებით 250 ათას ევროს შეადგენს. ამის შესახებ Rai News-ი ქალაქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც აღინიშნება, არეულობის დროს მონაწილეებმა დააზიანეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩის ინფრასტრუქტურა, გასაქირავებელი ველოსიპედები და ტრამვაის ხაზის სამშენებლო მოედანი.
ქალაქის ხელისუფლებამ საგზაო საფარისა და საგზაო ნიშნების აღდგენისთვის უკვე გამოყო 50 ათასი ევრო. აღნიშნული თანხა არ მოიცავს ნარჩენების გატანის ხარჯებს.
ველოსიპედების იჯარის საქალაქო სამსახურ Ridemovi-ს მონაცემებით, 25-მდე ველოსიპედი სრულიად დაიწვა, ხოლო 100-მდე დაზიანდა. კომპანიის საერთო ზარალი 60–70 ათას ევროდ ფასდება.
კომპანია Tper-მა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ნაწილობრივ ქალაქის საკუთრებაშია, 50 ათას ევროზე მეტის ზარალი განიცადა.
ხოლო კომუნალურმა საწარმო Hera-მ, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიის მომარაგებაზეა პასუხისმგებელი, მისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 35 ათას ევროდ შეაფასა.
დაზიანდა ახალი ტრამვაის ხაზის სამშენებლო მოედანიც, სადაც ზარალი დაახლოებით 50 ათას ევროს შეადგენს.
მედიის ცნობით, იტალიის მთავრობის საგანგებო სხდომაზე, სადაც ქვეყნის ჩრდილოეთ ქალაქებში მომხდარ ძალადობრივ არეულობებზე რეაგირებაზე მსჯელობდნენ, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღების შესაძლებლობაც განიხილებოდა.
მილანში პროტესტის მეორე დღეს იტალიის პოლიციამ ორასზე მეტი ადამიანი დააკავა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი მეტალურგიული ქარხნის, Ilva-ს თანამშრომლებმა იტალიის ქალაქ გენუის აეროპორტში საპროტესტო აქცია გამართეს.








