რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნული საუბარი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან დიალოგიდან რამდენიმე დღეში შედგა.
ორშაბათს, 19 ოქტომბერს, რომის პაპი ზელენსკის ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
აღინიშნება, რომ საუბრისას მან ახსენა „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ თხოვნა, რომლითაც მან კრემლის ხელმძღვანელს მიმართა. „მისმა უწმინდესობამ იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა უზრუნველყოფს სურსათისა და სამედიცინო დახმარების მიწოდებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითსა და უსაფრთხო ევაკუაციას. დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგსა და მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუბრისას რომის პაპს დაწვრილებით უამბო რუსეთის მხრიდან ესკალაციის, უკრაინის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე რუსეთის მუდმივი დარტყმების შესახებ.
„ვისაუბრეთ დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაზეც. ვმუშაობთ იმაზე, რომ დავეხმაროთ იქვე მყოფ ჩვენს ხალხს. ვამზადებთ გადაწყვეტილებას. მისმა უწმინდესობამ მიაწოდა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან კონტაქტების შესახებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მათ ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, კერძოდ „პარტნიორების მხრიდან რუსული ბალისტიკური შეტევების შესახებ გაფრთხილებების პერიოდულ არარსებობაზე, რაც ბოლო დროს უკვე სამჯერ მოხდა“.
მანამდე ანდრიი სიბიგამ საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, გაძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ოლეშკის ალყა შეწყვიტოს.
შეახსენებთ, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ცდილობს.








