მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს განათლების მნიშვნელობაზე საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ცოდნის სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, რადგან ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის სწავლის წესს, პროფესიულ გარემოს და თავად ცოდნის მიღების პროცესსაც.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, რაც უფრო ძლიერდება ტექნოლოგია, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარგი მასწავლებელი.
„მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებულია, რადგან მისი შედეგი მართალია იმავე დღეს არ ჩანს, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს. თქვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ნათქვამი სიტყვა, ბავშვისთვის მიცემული რჩევა ან საჭირო დროს გამოხატული მხარდაჭერა, წლების შემდეგ, შეიძლება იქცეს გადაწყვეტილებად, პროფესიულ წარმატებად, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობად ან ცხოვრებისეულ არჩევანად.
ამიტომ მასწავლებლის შრომის ნაყოფი მხოლოდ გაცემული ცოდნა არ არის, მისი ნაყოფი ადამიანია. ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, სწორისა და არასწორის გარჩევა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და პასუხისმგებლობის აღება.
დღეს განათლების მნიშვნელობაზე საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ცოდნის სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ინფორმაცია, რომლის მოძიებასაც წარსულში საათები ან დღეები სჭირდებოდა, დღეს წამებშია ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის სწავლის წესს, პროფესიულ გარემოს და თავად ცოდნის მიღების პროცესსაც.
მაგრამ სწორედ ამ ეპოქაში ხდება კიდევ უფრო ნათელი, რომ ინფორმაცია თავისთავად განათლება არ არის. ტექნოლოგიას შეუძლია პასუხი მოგვცეს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს განსჯას. შეუძლია ცოდნის მოძიება გაგვიადვილოს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ღირებულებებს და ვერ ასწავლის ბავშვს პასუხისმგებლობას ისე, როგორც ამას ცოცხალი მაგალითი ასწავლის.
სწორედ ამიტომ, რაც უფრო ძლიერდება ტექნოლოგია, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარგი მასწავლებელი. თქვენი ამოცანა დღეს აღარ არის მხოლოდ იმის სწავლება, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ – თქვენ უნდა ასწავლოთ, როგორ იფიქროს, როგორ დასვას სწორი კითხვა, როგორ გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია, როგორ მოუსმინოს განსხვავებულ აზრს, როგორ დაიცვას საკუთარი პოზიცია ცოდნითა და არგუმენტით და როგორ გამოიყენოს თავისუფლება პასუხისმგებლობით.
ეს უკვე არა მხოლოდ განათლების, არამედ მოქალაქის ჩამოყალიბების საქმეა. სკოლა სახელმწიფოსთვის ის სივრცეა, სადაც ბავშვი პირველად ხვდება საზოგადოებას საკუთარი ოჯახის ფარგლებს მიღმა, სადაც სწავლობს წესს, თანასწორობას, თანამშრომლობას, კონკურენციას, პასუხისმგებლობას და სხვისი ღირსების პატივისცემას”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მასწავლებელი კი ხშირად არის პირველი ადამიანი, რომელიც ბავშვს აჩვენებს, რომ მის ნიჭს მნიშვნელობა აქვს, რომ შრომას შედეგი მოაქვს და რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ის თავად ფიქრობს.








