საქართველოს უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და, პირიქით, უკან დაიწია. ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლების ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს.
ანგარიშის თანახმად, იმ ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი და სწორედ აღნიშნული ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
“2025 წლის დეკემბერის ვიზების შეჩერების მექანიზმის (VSM) მე-8 ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველომ თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა, რომლებიც მე-7 ანგარიშში იყო გაცემული. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან კიდევ უფრო უკან დაიწია, კონკრეტულად კი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კრიტიკულად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მიცემის საფუძველს წარმოადგენს…
საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის მარტიდან სარგებლობენ შენგენის სივრცეში უვიზო მოგზაურობით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება 2011 წლიდანაა ძალაში. ვიზალიბერალიზაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისია რეგულარულად აფასებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების იმპლემენტაციაში, რომლებიც სავიზო საგზაო რუკის ფარგლებშია წარმოდგენილი. ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-7 და მე-8 ანგარიშებში, რომლებიც 2024 დეკემბერში და 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ევროკომისიამ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მისი რეკომენდაციების შესასრულებლად, კერძოდ იმის, რაც ეხება ფუნდამენტურ უფლებებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. 2025 წლის ივლისში ფორმალური მოკვლევის შემდეგ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები და, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლებიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს. იმის ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი. ამ ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ფაქტობრივად აუქმებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში მათ უვიზო მიმოსვლას.
საქართველოსთან გაფართოებულ დიალოგს ადგილი ჰქონდა 2026 წლის ივნისში, შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორების მიზნით. გაფართოებულმა დიალოგმა არ მოიტანა პროგრესი ევროკომისიის იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა”, – ნათქვამია ანგარიშში.








