“მე მგონია, თვითონ ევროკავშირშიც არ არიან მთლად ჩამოყალიბებული, როგორ მოიქცნენ… ევროკავშირი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და აკვირდება, როგორ განვითარდება საქართველოში ვითარება. მანამდე გარკვეული კონტაქტები, ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა გაფართოების კონტექსტში საქართველო, ცხადია, აღარ იქნება. რაც შეეხება დაკავშირებადობას, მართალი გითხრათ, ბოლომდე არც მესმის, რას გულისხმობს ეს ტერმინი. ალბათ, ძირითადად ტრანზიტზეა საუბარი. შესაძლოა იგულისხმება იმ ტიპის ურთიერთობები, როგორიც სომხეთთან ვითარდება, ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ეკონომიკური თანამშრომლობა მაინც იქნება. დარწმუნებული ვარ, დაკავშირებადობის შესახებაც პოლიტიკური მოთხოვნები იქნება. ცხადია, არა ისეთი მასშტაბის, როგორიც გაფართოების პროცესში იქნებოდა, მაგრამ მაინც იქნება. ევროკავშირს ნამდვილად აქვს ბერკეტები და შეუძლია ეფექტიანად იმოქმედოს. გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას აქამდე”, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რას მოუტანს ხელისუფლებას პარტიების აკრძალვა?!
“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირში ვერ გაითვალისწინეს, რა მასშტაბის ცვლილებასთან ჰქონდათ საქმე. “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ამბობენ, რომ ივანიშვილს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია, კურსი მკვეთრად შეიცვალა ბოლო პერიოდში. ჩემი აზრით, სწორედ ამ მკვეთრი შემობრუნების გამო უცებ ვერ ჩამოყალიბდნენ, თორემ სინამდვილეში ეფექტური ბერკეტები აქვთ. შეუძლიათ ისე იმუშაონ, ბიძინა იძულებული შეიქნეს, ანგარიში გაუწიოს. თუმცა ივანიშვილი ჯერ ევროკავშირს უყურებს როგორც “ჩმორებს”, რომლებსაც არაფრის თავი არა აქვთ და მხოლოდ სიტყვიერად აკრიტიკებენ. ჩემი აზრით, ძალიან ცუდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ მოჰყოლია შესაბამისი შედეგები. როდესაც არაფერი შესრულდა ერთხელ, მეორედ და მესამედაც, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლებას უქმნის განცდას, რომ ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირება შეიძლება ყოველგვარი შედეგის გარეშე”- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“რაც შეეხება ივანიშვილის შეხვედრას ისრაელის ელჩთან, ისრაელი ძალას წარმოადგენს, ივანიშვილი კი მხოლოდ ძალას სცემს პატივს. როგორ უპასუხა ხელისუფლებამ ისრაელს, როცა ირანის შესახებ მკვეთრი განცხადებები გააკეთა? არ უპასუხეს ისე, როგორც ევროკავშირს ან ჰერჩინსკის ელაპარაკებიან. როდესაც საქმე ძლიერ სახელმწიფოს ეხება, ივანიშვილი მას ანგარიშს უწევს. გარდა ამისა, ის ძალიან დიდ პატივს სცემს ებრაელ ხალხს, მიაჩნია, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და სჯერა იმ კონსპირაციის, რომ “მსოფლიოს 25 ოჯახი მართავს”, საიდანაც, მისი აზრით, 20 მაინც ებრაულია. ამიტომ “ჩამოვიდა ზეციდან” და მათ თავად დაელაპარაკა. სხვათა შორის, ოპოზიციასაც ძალიან არასწორი მიდგომა ჰქონდა. ევროპარლამენტის რეზოლუციებს არასერიოზულად უყურებდნენ, ეგონათ როგორც სააკაშვილის დროს მუშაობდა ეს ხელისუფლების წინააღმდეგ, ახლაც ისე იმუშავებდა. კარგა ხანს ვერ მიხვდნენ და მგონი, ახლაც ვერ ხვდებიან, რომ ეს მექანიზმი ივანიშვილის წინააღმდეგ აღარ მუშაობს – პირიქით, პროპაგანდა თავის სასარგებლოდ იყენებს და ხალხს ეუბნება, უნდათ ბიძინა ჩამოაგდონ და ისევ სააკაშვილი დასვანო”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“პარტიების შესაძლო გაუქმება ირაციონალური სიგიჟეა. გასაგებია, რომ ივანიშვილს პოლიტიკური ველის მოსუფთავება უნდა, მაგრამ პარტიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ნულის ტოლია. მსგავსი ნაბიჯი ევროკავშირისა და აშშ-ის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს, რასაც ხელისუფლება უფრთხის. იციან. თუ პარტიებს გააუქმებენ, ამას მოჰყვება დასავლეთის რეაქცია და სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტრასბურგი ასეთ პრეცედენტზე უკან არ დაიხევს. მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, ყველა პარტია ერთად აკრძალულიყო. მგონი მხოლოდ ჰიტლერმა თუ სტალინმა გააკეთეს მსგავსი რამ. თუმცა მთავარი ის კი არ არის, რას იტყვის სასამართლო, არამედ ის, თუ რამდენად დაემორჩილება მას ივანიშვილი. თუ არ დაემორჩილება, ეს ევროპასთან კავშირის სრულ გაწყვეტას ნიშნავს – ე.წ. დაკავშირებადობაც კი აღარ იარსებებს. არადა, აქამდე ხელისუფლება, მაგალითად, კობახიძე, მუდმივად იშველიებდა არგუმენტად – აი, სტრასბურგმა თქვა, რომ მართლები ვართო. ახლა თუ საპირისპიროს იტყვის, რას იზამენ?” – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ზოგიერთი იურისტი მიმტკიცებდა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სტრასბურგის განსჯადი არ არისო. მაგრამ როცა საჩივარი კონვენციის დარღვევაზე შედის, სტრასბურგი თავად გადაწყვეტს განსჯადობას. დარწმუნებული ვარ, საქმეს მიიღებენ. მეორე მხრივ, ივანიშვილი სტრასბურგს რომ დაემორჩილოს, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. დიფ სთეითმა დაამარცხა. ამით მომხრეებში დაკარგავს სახეს – დაინახავენ, რომ ბატონი ბიძინა ყოვლისშემძლე არ ყოფილა. ყველა ვარიანტში ცუდი არჩევანის წინაშე დგება… პარტიის აკრძალვა მყარად უნდა იყოს დასაბუთებული. ამათ კი რა დასაბუთება აქვთ: “ლელოს” აკრძალვის მოტივი ის არის, თითქოს კავშირი აქვთ ტერორისტებთან. ვინ არის ტერორისტი? ელისაშვილი! აქ შეიძლება ეს სისულელე ტერორიზმად გაასაღო და ვიღაცებმა სერიოზულადაც მიიჩნიონ, მაგრამ ევროპაში ვერ გაყიდი!” – დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“აქ კიდევ ის საკითხია, რომ ხელისუფლების მომხრეებს, რომლებიც პარტიების აკრძალვას მხარს უჭერენ, სულ სხვა მოლოდინი აქვთ. დარწმუნებული ვარ, მათ ჰგონიათ, აკრძალვა ნიშნავს ”მორჩა, დამთავრდა, აღარ უნდა იყვნენ”. მაგრამ წარმოიდგინეთ რეალობა – თითქოს აკრძალეს პარტია, მერე გამოდის ის ოპოზიციონერი ტელევიზიით, მაინც აგინებს ბიძინას, აწყობს მიტინგებს და აქციებს. ხელისუფლების მომხრე იტყვის, თუ აკრძალეს, ეს რატომღა ლაპარაკობს, გააჩუმეთო. ანუ, რა უნდა ქნან? პოლიტიკური საქმიანობა როგორ უნდა აკრძალონ? გამოვა ადამიანი გასაპროტესტებლად და ყველას ხომ ვერ დაიჭერენ? საბოლოო ჯამში, ასეთი “აკრძალვა” ხელისუფლების ამომრჩეველშიც გამოიწვევს უკმაყოფილებას და ბიძინა ივანიშვილს სისუსტედ ჩაეთვლება, რომ მან პრაქტიკულად ვერ აკრძალა ისინი. თუ მართლა სერიოზული დიქტატურა გინდა, ამისთვის ტერორია აუცილებელი. რეპრესიები უნდა გაატარო, ისე, როგორც სტალინი და პინოჩეტი აკეთებდნენ. ალიევის ან პუტინის დონეც კი არ კმარა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უფრო მანიპულაციაა და საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანება. ჩემი აზრით, ამ ზღვრამდე ჯერ არ არიან მისული და ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, ვინ იცის, რა იქნება” – დასძენს ზურაბიშვილი







