"არავინ იცის, COVID-19- ის მეორე ტალღა რა სიძლიერის იქნება" - თენგიზ ცერცვაძე
არავინ იცის, კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა ან რა სიძლიერის იქნება ის,- ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
„რაც შეეხება მეორე ტალღას, ნურავის ენდობით 100 პროცენტით, ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, პრეზიდენტი, თუ გამოცდილი ექიმი ან ეპიდემიოლოგი. სინამდვილეში, არავინ არ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა და რა სიძლიერის იქნება, რადგან ჯერ ვერ გაირკვა ორი მთავარი რამ – კორონავირუსს ახასიათებს სეზონურობა, თუ არა. საქართველოს მაგალითზე თითქოს ახასიათებს, მაგრამ მსოფლიოს მაგალითზე – არა. თუ საქართველოში ახასიათებს სეზონურობა, სომხეთი აქვე არ არის? იქ რატომ არ ახასიათებს სეზონურობა, რატომ იზრდება დაინფიცირების შემთხვევები? ანუ, გაუგებარი დარჩა, სეზონურობა ახასიათებს თუ არა და მეორე, ის ტოვებს თუ არა მყარ იმუნიტეტს. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე, ყველაფერი არის მარჩიელობა და ვარაუდი, იქნება თუ არა მეორე ტალღა.ჩემი, როგორც სპეციალისტის, ადამიანის, რომელიც პირველივე დღიდან მოვლენათა შუაგულში ვიყავი და რაღაც წარმოდგენები შემექმნა, მოსაზრებაა, რომ მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო პირველი ტალღა. მე არ მოვუწოდებ არავის, რომ გააგრძელონ მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ ვიმოქმედოთ გონიერების ფარგლებში. თავისუფლება ნიშნავს თავისუფლებას გონიერების ფარგლებში და არა იმის კეთებას, რაც მოგვესურვება. თუ ამას შევასრულებთ, მეორე ტალღა შედარებით უფრო სუსტი იქნება და იმ არასასიამოვნო დღეების ხელმეორედ გავლა არ მოგვიწევს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სიახლეები
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ევროპა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის"- დონალდ ტრამპი
- 10-ზე მეტი აფეთქება ნახევარ საათში – სუმი რუსული დრონების მასიური თავდასხმის ქვეშაა
- იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
- ,,ზოგმა საჩუქრად მიიღო დამოუკიდებლობა – ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ"-შალვა პაპუაშვილი