საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია და ბერსერკები წარმოგიდგენთ: ჰაინერ მიულერის „ფილოკტეტე“ ქუთაისში, თეატრ „ლიანდაგში“
7, 8 და 9 ნოემბერს 20:00 საათზე ქუთაისში, ახალი სახელოვნებო სივრცე, თეატრი „ლიანდაგი“ პირველ პრემიერას უმასპინძლებს. „ბერსერკები: ფილოკტეტე“ 80-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით იდგმება (ქართული თარგმანი: გიორგი ჯამბურია, გამომცემლობა „პეგასი“ 2022 წ.).
დადგმა თეატრალური პროექტის „ბერსერკების“ ნაწილია და მას საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია ახორციელებს. „ბერსერკები“ ევოლუციური თეატრალური პროექტია, რომელსაც პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ახალ-მისტერიულ თეატრად ხასიათებს. „ბერსერკები“ არის ერთგვარი მითი-თამაში, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდებში ცოცხლდება თეატრალურ სცენაზე. გარკვეულწილად, ესაა თეატრალური სერიალის ექსპერიმენტი. პროექტი მოიცავს სხვადასხვა სახისა და მასშტაბის სპექტაკლებს, პერფორმანსებსა და ჰეფენინგებს, რომელთაც საერთო მეტა-ნარატივი - პროექტის მონაწილეთა მიერ თანაავტორობით შეთხზული მითი აერთიანებს. სწორედ ამ მითური პერსპექტივიდან ხორციელდება სხვადასხვა ბერსერკული ნაწარმოებები, რომელთა შექმნისასაც ტრადიციული თეატრალური პროცესის იერარქიული სტრუქტურა ირღვევა და მის ადგილს ერთგვარი ანარქისტული, პანკური ჟესტებით სავსე საერთო თავგადასავალი იკავებს.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილ „ფილოკტეტეს“ დღემდე არ დაუკარგავს თავდაპირველი პოლიტიკური და ესთეტიური აფეთქების პოტენციალი და „ბერსერკების“ შემოქმედებითი ჯგუფის აზრით, მისი პირველი ქართულენოვანი ინსცენირება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში შეიძლება იქცეს უაღრესად საჭირბოროტო რეფლექსიად ძალაუფლების, ღალატის, სოლიდარობისა და ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციისა და დეჰუმანიზაციის თემებზე. ჰაინერ მიულერი „ფილოკტეტეს“ საკუთარ ვერსიაში ანტიკურ მითს ეყრდნობა და ოდისევსის მიერ მოტყუებული და ბერძნებისგან განდევნილი გმირის ბედისწერას უტრიალებს, იგი იკვლევს კოლექტივიდან განდევნილი ინდივიდის არსობრივ პრობლემატიკას, რომლის იმავე კოლექტივში დაბრუნებაც მხოლოდ უაღრესად რთული და მტკივნეული გზითაა შესაძლებელი.
თეატრი „ლიანდაგი“ ნიკო ნიკოლაძის კლუბის ახალი, დამოუკიდებელი სივრცეა, რომელიც ქუთაისში თანამედროვე თეატრისა და კულტურის განვითარებას ისახავს მიზნად. ის საშემსრულებლო ხელოვნების მოყვარულებმა და ენთუზიასტებმა დაუღალავი შრომის შედეგად შექმნეს. თეატრი „ლიანდაგი“ ეცდება შეავსოს ის ერთგვარი კულტურული სიმწირე და ვაკუუმი, რაც სამწუხაროდ დღეს ბევრ ქართულ რეგიონს თუ პატარა ქალაქს ახასიათებს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქუთაისის ისტორიული იდენტობის, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრისა და ქვაკუთხედის აღდგენასა და მომავალ განვითარებაში. „ლიანდაგი“ ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს „ოპუსით“ - კლასიკური მუსიკის საღამოთი გაიხსნა და ახლა კი საკუთარ სცენაზე პირველ თეატრალურ წარმოდგენას ელის. დადგმა სრულიად თვითდაფინანსებითა და შემოწირულობებით ხორციელდება, ხოლო ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ.
დადგმის შემოქმედებითი ჯგუფი:
• რეჟისორი და მთარგმნელი: გიორგი ჯამბურია
• სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარი: თამარა მაღლაფერიძე
• მსახიობები: თამარა ჩუმაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, ქეთო ტატიშვილი,
გიორგი კარტოზია
• პროდიუსერი/მენეჯერი: მარიამ პაიჭაძე
• განათება: ჯუბა ჯიმშელეიშვილი
• პროექცია: შიო ხიდაშელი
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"