კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, იგეგმება როგორც სვეტიცხოვლის, ისე ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია
გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს, უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია, გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ,- ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
თეა ონიანის თქმით, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სვეტიცხოვლის ტაძარს წყლის ინფილტრაცია უკვე აღარ ემუქრება, თუმცა გადაუდებელმა სამუშაოებმა აჩვენა ის, რომ ტაძარს უჭირს.
„ჩვენ ვგეგმავთ სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის პირველი გამოწვევა იყო სვეტიცხოველი. ჩემი დანიშვნიდან სამ კვირაში სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რაც იყო ძალიან რთული აღსაქმელი, გადასატანი და დიდი გამოწვევა, თუმცა ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს სვეტიცხოველს არ ემუქრება წყლის ინფილტრაციის საფრთხე. რა გავაკეთეთ- უპირველეს ყოვლისა, დავგეგმეთ სამუშაოები, ავაწყვეთ ხარაჩო, მოხდა დაზიანებული გადახურვის მთელი პერიმეტრის შესწავლა, როგორც სკანერით, ისე ადამიანების მიერ დათვალიერებით. დეტალურად შევისწავლეთ გადახურვაზე, სად, რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო და რომელი ლორფინი შეიძლება ყოფილიყო დაზიანებული. გავწმინდეთ ეს ლორფინები მცენარეული საფარისგან, მოხდა ამოწმენდა და შესაბამისი საკონსერვაციო ხსნარით შევსება, რომელიც საერთაშორისო მითოლოგიით არის აპრობირებული. ეს არის იმგვარი საკონსერვაციო მასალა, რომელიც შემდგომში ადვილად შეიძლება მოიხსნას და ძეგლს არ აყენებს არანაირ აზიანებს. უკვე ამ გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა ის, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს, უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია, პირველ რიგში, გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ, მაგრამ უნდა მივხედოთ, მხოლოდ და მხოლოდ, მულტიდისციპლინური კვლევების შედეგად შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.
რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ მომზადებული გვაქვს დროებითი გადახურვის პროექტი მთელი ტაძრის მასშტაბით და თუ კი ოდნავ მაინც, ერთი პროცენტით იარსებებს სადმე წყლის ინფილტრაციის საფრთხე, ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმუმ ხუთ დღეში, იმ პერიმეტრზე მოვაწყოთ დროებითი მსუბუქი გადახურვა, რაც ტაძარს დაიცავს დაზიანებისგან. ამავე დროს, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით მზადდება სრული გადახურვის პროექტი. საბედნიეროდ, სვეტიცხოველს არ სჭირდება იმგვარი ჩარევა და გადახურვის მოწყობა, როგორც გელათს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მზად გვქონდეს სვეტიცხოვლის სრული გადახურვის პროექტი, დროებითი გადახურვის პროექტი“, - განაცხადა თეა ონიანმა.
მისი თქმით, ტარდება გეოლოგიურო კვლევა იმისთვის, რომ სვეტიცხოველს აარიდონ წყლის საფრთხე.
გარდა ამისა, თეა ონიანის განმარტებით, იგეგმება ჯვრის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და ეს არის ინტერიერში ქვის კონსერვაცია. თეა ონიანის თქმით, ამისთვის უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ექსპერტებთან, რომლებიც თანამშრომლობენ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.
„სწორედ მათი მითითებებით დაიგეგმება უკვე ფიზიკური სამუშაოების დაწყება ჯვრის მონასტერში. ასევე მომავალი წლიდან ვგეგმავთ უკვე ექსტერიერის ქვის კონსერვაციის დაწყებასაც. ორივე პროექტი შეთანხმებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, მოწონებულია მის მიერ და გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია“-განაცხადა თეა ონიანმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 ნოემბრისთვის
- 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- კიევში აზერბაიჯანის საელჩოს დაბომბვის გამო აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 15-17 ნოემბერს
- "თუ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება" - კახა კალაძე გახარიაზე