May 31, 2026

"დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე

„პატარა ვიყავი,იმდენად პატარა, რომ არც ერთი იტალიელი სერიოზულად არ აღიქვამდა ჩემს სურვილს მოხუცის მომვლელად მემუშავა, ან უფრო სწორად არ იჯერებდნენ, რომ შევძლებდი...“ – ელზა ჯაბიძე 17 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა.  ეს არის ცხოვრებისეული გზა, რომელიც მორალურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს. ასეთი ადამიანები გმირები არიან, რომლებიც არ ნებდებიან.

 

როგორი იყო ელზა ჯაბიძეს გზა ემიგრაციიდან დღემდე? - ამის შესახებ FirstNews.ge-ს  ის თავად უყვება.

 

„პატარა ვიყავი,იმდენად პატარა, რომ არცერთი იტალიელი სერიოზულად არ აღმიქვამდა“ -  საქართველოდან იტალიაში

 

„2008 წლის, 4 აგვისტო თენდებოდა. ერთ პატარა ზურგჩანთაში ჩემი გადაღებული ფოტოების ალბომთან ერთად ჩავალაგე ყველა სურვილი, ოცნება და მიზანი. ჯიბეში ჩემი შვილის ხელით გაკეთებული სამაჯური ჩავიდე. მუჭში დედაჩემის მოცემული ხუთლარიანი მოვკუჭე (დღემდე შენახული მაქვს და სანამ ცოცხალი ვარ თილისმად მექნება) და ავტობუსში ავედი... პატარა 24 წლის გოგო ვიყავი. არ მიტირია... რატომღაც არც შემშინებია... ვიცოდი, რომ ბევრი მქონდა სათქმელი და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მქონდა ბევრი დასამტკიცებელი... დღეს, ვერაფრით ვიხსენებ რაზე ვფიქრობდი ის დღეები სანამ ავტობუსი იტალიაში ჩააღწევდა. პატარა ჩანაწერებს კი ვაკეთებდი, მაგრამ მალევე გავანადგურე. საკუთარ მესაც არ მივეცი საშუალება დამემახსოვრებინა მაშინდელი ჩემი თავი.

 მივდიოდი უგზო-უკვლოდ და უკან ორი პატარა შვილი მრჩებოდა. თითო-ოროლა ქართველი ცხოვრობდა მაშინ იტალიაში.

მახსოვს ერთმა ახალგაზრდა გოგომ (მერე უკვე ჩემმა მეგობარმა) რომ მითხრა 4 წლის ჩამოსული ვარო, შოკირებული დავრჩი. რანაირად გაუძელი მთელი 4 წელი აქაურობას-თქო.

პატარა ვიყავი,იმდენად პატარა, რომ არცერთი იტალიელი სერიოზულად არ აღიქვამდა ჩემს სურვილს მოხუცის მომვლელად მემუშავა, ან უფრო სწორად არ იჯერებდნენ, რომ შევძლებდი...

იქაური ქართველების დახმარებით მაინც ვიპოვე სამსახური. მოგვიანებით კანონი გამოვიდა და ლეგალური მუშაობის უფლება მოვიპოვე ამ ოჯახის დახმარებით.

მოსაყოლად იოლია, რეალურად ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ არც ინტერნეტი გვქონდა არც სოციალური ქსელები. ჩვენს ოჯახებთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება დასვენების დღეებში სატელეფონო ჯიხურებიდან დარეკვა იყო. კვირა დღეს თითქმის ყველა ქართველს იქ ნახავდით და თითქმის ყველას ახალ ამბებს ვგებულობდით. შეძლებისდაგვარად ვიზიარებდით ერთმანეთის ჭირს და ლხინს.“

 

a72a7ff6 99a8 48d2 b545 3a858f44c450

 

„მეოცნებე გოგო იტალიამ და იტალიელებმა მაქციეს იმად, რაც ახლა ვარ“ - სირთულეები

 

„პირველად 2 წლის შემდეგ, რომ ჩამოვედი პატარა შვილმა ვერ მიცნო (5 წლის იყო მაშინ) ლამის გადავიფიქრე იტალიაში დაბრუნება. მერე დავჯექი და მაქსიმალურად ცივი გონებით შევეცადე გაანალიზებას. რთულ და უარესს შორის რთული გზა ავირჩიე და ისევ წავედი...

 

თავიდან ყოველ 6 თვეში ჩამოვდიოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებს დედა არ დავიწყებოდათ. ამ წლების ყველაზე დიდ მიღწევად საკუთარ თავს იმას ვუთვლი რომ, შევძელი შვილებთან ემოციური კავშირი არ გამეწყვიტა. ბავშვობიდან გარდატეხის ასაკშიც კი შევძელი დავრჩენილიყავი მათ მეგობრად. ძალიან ბევრი კომპრომისის ფასად. ძალიან ბევრჯერ საკუთარ თავსაც გადავახტი, საკუთარ სურვილებზე უარი ვთქვი მთავარი იყო მათთვის დავრჩენილიყავი დედად და არ ვქცეულიყავი მხოლოდ ფულადი გზავნილების ავტორად. შევძელი და ამაყი ვარ საკუთარი თავით. ზუსტად არ ვიცი როდის გახდა იტალია "ჩემი".  ძალიან პატარა, დაბნეული და მეოცნებე გოგო იტალიამ და იტალიელებმა მაქციეს იმად რაც ახლა ვარ.“

 

„ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი“ - პატრიოტიზმის გრძნობა

 

„17 წლიანი ემიგრაციის დროს ერთი დღე არ მიცხოვრია საქართველოზე და ქუთაისზე ფიქრის გარეშე. ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. უზარმაზარი შესაძლებლობების მიუხედავად, აბსოლიტურად არაფერი არ გავაკეთე იქ, რომ თავი დამემკვიდრებინა. უფრო მეტიც კუთვნილი იტალიის მოქალაქეობაც კი არ მოვითხოვე. მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდები-თქო. არ ვიცი სადამდე მიმიყვანს ეს უგზოუკვლო პატროტიზმი, მაგრამ გულმა და გონებამ მაშინ ასე მიკარნახა.

წლებმა თავისი ქნა და იტალია იქცა ჩემთვის სულიერი კომფორტის ზონად, თუმცა ყოველთვის საკუთარ თავს ვეკითხებოდი: როდემდე? და ერთ დღეს დავიწყე ფიქრი დაბრუნებაზე. გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღია. მთელი ორი წელი ვფიქრობდი, ვაანალიზებდი, ვგეგმავდი.

ვიცოდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა იმ საზოგადოებაში ინტეგრაცია სადაც უამრავი წელი აღარ მიცხოვრია.

მოლოდინი არაფრის მქონია. მეგობრები რომ მეკითხებოდნენ რა უნდა აკეთო რომ ჩახვალო? ყველას ერთიდაიგივეს ვპასუხობდი: არ ვიცი!

მართლა არ ვიცოდი. ვიცოდი მხოლოდ, რომ ჩემს უკვე ასაკში შესულ მშობლებს ვჭირდებოდი. ვიცოდი, რომ ჩემს უკვე გაზრდილ შვილებს დედა გვერდით სჭირდებოდათ. ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ მაქვს იმის ძალა, რომ ისევ ნოლიდან დავიწყო. აი, ასე ავდგე და დავიწყო. კიდევ ერთხელ....“

 

3e5256f0 db30 4ba4 a66e 9b250e6d14c7

 

„ჰოდა, დავბრუნდი....“ – 2025 წლის საქართველო

 

„დავბრუნდი 17 წლის მერე...

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მარტივი არ იქნებოდა ბოლომდე მაინც ვერ გავთვალე...

შვებულებით ჩამოსვლა აბსოლიტურად განსხვავდებოდა საბოლოოდ ჩამოსვლისგან.

პარადოქსია ალბათ და   ფსიქოლოგიურად რამე ტერმინიც იარსებებს სავარაუდოდ. 2025 წლის თებერვალი იდგა და გონება მომენტალურად დაბრუნდა 2008 წელში და მე უცხო ქალაქში ნაცნობ სახეებს ვეძებდი. 

 

სულ სხვა ადამიანი (უკვე გაზრდილი და შეცვლილი) სულ სხვა ქალაქში დავბრუნდი. ადამიანებიც სულ სხვანაირები დამხვდნენ. ნაცნობ გარემოს ნაცნობ სიტუაციებს ვეძებდი და რა თქმა უნდა, ვერ ვპოულობდი. მახსოვს ერთ გაჩერებაზე კონკრეტულ მარშუტს ველოდებოდი მთელი ერთი საათი. ბოლოს ვიკითხე და მითხრეს რომ 10 წელზე მეტია ის ნომერი მარშუტი საერთოდ გაუქმებულა. დროში და სივრცეში ისე დავიკარგე მთელი 2 თვე საწოლიდან თითქმის არ ავმდგარვარ, მივხვდი რომ ურთულესი პერიოდი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. მე ისევ ემიგრანტი გავხდი ოღონდ ამჯერად საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ქალაქში.

 

ადამიანები ისე იყვნენ გაუცხოებულები, რომ ჭკუიდან გადავდიოდი. "აბა შენ რა გეგონა"-ო "ეს ევროპა არ არის"-ო. ცრემლების ყლაპვით ვცდილობდი ამეხსნა, რომ არაფერიც არ მეგონა და რომ ეს ჩემი სახლია.“

 

dad7526a c781 44a5 b726 492387687dc0

 

„მივხვდი ეს იყო ის რისი კეთებაც მაბედნიერებდა...“ - საკუთარი თავის პოვნა

 

ერთ დღეს უბრალო ქოთნის ყვავილი ვიყიდე. გადასარგავი იყო წავედი მიწა და ქოთანი  მოვიტანე. სანამ ამ ყვავილს ვუვლიდი მივხვდი რომ სულიერად პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად. ბავშვობიდან მიყვარდა მცენარეები. იტალიაშიც ყველა სამსახურში მქონდა ოთახის თუ ტერასის ყვავილები და იქაც ვუვლიდი.

 

მივხვდი ეს იყო ის რისი კეთებაც მაბედნიერებდა... იმასაც მივხვდი რომ ზუსტად ახლა იყო დრო შემექმნა საფუძველი იმისთვის რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს. დავიწყე მოძიება სად შეიძლებოდა მესწავლა პროფესიონალურ დონეზე მცენარეებთან ურთიერთობა. მაშინვე ვერაფერი ვიპოვე სამაგიეროდ მესამე სართულზე(კორპუსში ვცხოვრობ) მთელი ორანჟერეა მოვიწყვე. რამე მცენარეს ვიყიდდი მერე ინტერნეტში ინფორმაციებს ვეძებდი ქართულ და იტალიურ ენებზე. ხემცენარე რაც კორპუსში ვერ დავატიე სოფელში გავზიდე, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ ყველა კვირაში ახალახალი მცენარე მიმაქვს. სასწაული მშობლები მყავს: მამაჩემმა შენ ოღონდ რამე გამოგივიდეს და თუ გინდა ავჭრათ მთელი ვენახი და დარგე რაც გინდაო. ამას მეუბნება კაცი, რომელიც აგერ უკვე 30 წელია თითოეულ ვაზს თავზე დაფოფინებს. დედაჩემს ეზოს ყვავილები ჩავაბარე, თავის საქმეს გადადებს და ჩემს ყვავილებს მაინც მიხედავს.

 

ზუსტად ამ დროს გამოცხადდა მიღება წერეთლის უნივერსიტეტში პროფესიულ პროგრამაზე "ბაღის დიზაინი". მივედი გასაუბრებაზე და მთელი გულწრფელობით ავუხსენი კომისიას საიდან მოვდიოდი და რა მინდოდა. ისიც ვუთხარი რომ ეს სასწავლებელი ამ ეტაპზე არის ერთადერთი ხავსი, რომელსაც ვეჭიდები, რომ ისევ უკან არ გავიქცე. არ მინდა წასვლა და ვეძებ სულ პატარა იმედს, რომ დავრჩე-თქო. შუქს ვეძებ გვირაბის ბოლოს და ის თუ დავინახე იქამდე ჩემით მივალთქო. დამიჯერეს...

ასე აღმოვჩნდი იქ, სადაც ახლა ვარ.“

 

dcf4b488 a763 42b2 a30d adfdba548e18

 

„ეს მხოლოდ ჩემთვის არ მინდა“ - მომავლს იმედი

 

„ცხოვრებაში მარტივად არაფერი გამომდის, თუმცა ვთვლი, რომ ბევრ რამეში მიმართლებს. გამართლებად ვთვლი პირადად ვიცნობდე და მქონდეს ურთიერთობა ამდენ პროფესიონალთან. ვსწავლობდე იმას, რაც ასე მაბედნიერებს და ვსწავლობდე ისეთი ადამიანებისგან როგორებიც იქ მუშაობენ. გამართლებად ვთვლი ერთ კურსელს, რომელსაც შეუძლია 24 საათი, კვირაში შვიდი დღე იყოს კონტაქტზე და მცენარეებზე ვისაუბროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ახალი იდეები და აღმოჩენები.

მე ჯერ კიდევ არ ვიცი სად მიმიყვანს ეს გზა რომელსაც დავადექი... მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან მინდა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ ვიპოვო. ამჯერად ბოლოჯერ და ამჯერად ჩემს ქვეყანაში.

ეს მხოლოდ ჩემთვის არ მინდა.

ჩემი შვილებისთვის მინდა პირველ რიგში, იმიტომ რომ ერთად გადავწყვიტეთ მარტო აღარსად წავალ. თუ წასვლა აუცილებელი იქნება სამივე ერთად წავალთ. მე კი ძალიან არ მინდა ის გამოცადონ, რაც მე გამოვცადე - ემიგრანტის უმძიმესი ხვედრი.

ჩემი მშობლებისთვის მინდა, იმსახურებენ არ ქონდეთ სანერვიულოდ ემიგრანტი შვილი.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჯერ სწავლა უნდა დავამთავრო. ჩემი დროის სრულ რესურსს ვდებ ამაში. ლექციების გარეთაც. დანარჩენს უფრო ოცნება ჰქვია ვიდრე გეგმა. გეგმამდეც მივალ იმედი მაქვს. ვიპოვი რამე გზას ის საქმე ვაკეთო, რასაც ვსწავლობ. პირადად მქონდეს რამე, რაც ელემენტარულ  ფინანსურ შემოსავალს მომიტანს.“

წაკითხვა 204 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2026

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.