რომელ დღეებში მოემსახურება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს
„იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 09:00-იდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან.
როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ.
„რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ – დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.
ფილიალებში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გაგრძელდება. შესაბამისად, იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი პორტალ MY.GOV.GE-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. მომსახურების მისაღებად მისული პირი შენობებში მხოლოდ პირბადით დაიშვება.
იუსტიციის სახლის სერვისების დიდი უმრავლესობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმისა და მასშტაბური სამუშაოების შედეგია. ელექტრონულად სერვისების მიღება მოქალაქეებს სერვისების ერთიან პორტალზე – MY.GOV.GE – შეუძლიათ.
MY.GOV.GE მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს მისთვის საჭირო 200-ზე მეტი სერვისით, ონლაინ რეჟიმში, შინიდან გაუსვლელად. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, აწარმოოს მიმოწერა საჯარო უწყებასთან, დაარეგისტრიროს უძრავ ქონება ნასყიდობის, ჩუქების ან სხვა გარიგების საფუძველზე, განაახლოს ამონაწერი, დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი, გახდეს მესაკუთრე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში და სხვა; ასევე, დისტანციურადაა შესაძლებელი ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმება, ახალ მისამართზე რეგისტრაცია, განაცხადის გაკეთება დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებზე, აგრეთვე, განმეორებით ბიომეტრიულ პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე. მზა დოკუმენტების კი მომხმარებელი ფოსტით მიიღებს“, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.
მათივე ინფორმაციით, MY.GOV.GE-ს საშუალებით შესაძლებელია, აგრეთვე, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისით სარგებლობა, საარქივო ცნობების გამოთხოვა და იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვა, 200-ზე მეტი ონლაინ სერვისის მიღება.
დისტანციური სერვისების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"