ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება
ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომელიც ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
ცნობისთვის, დღევანდელ ონლაინ შეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი