''მედიის წარმომადგენელთა სავარაუდო მიყურადება მიზნად ისახავს მათ დაშინებას'' - სახალხო დამცველი
საქართველო სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება 13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს, რომელიც შეეხება „მთავარი არხის“ გადაცემის დაგეგმვის პროცესს და შეიცავს მედიის წარმომადგენელთა კონფიდენციალური წყაროს შესახებ ინფორმაციას.
სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს „კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ „განსაკუთრებით საყურადღებოა მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში შექმნილი საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, ისევე როგორც მაუწყებლის პროგრამების შინაარსის გაუმართლებელი კონტროლი“.
ომბუდსმენის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკას „მსუსხავი ეფექტი აქვს ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე და მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას“.
„ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, „მოახდინოს საზოგადოების პერიოდული, პროაქტიული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის („უცნობის") მიერ გავრცელებულ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესის ნაწილია ასახული.
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის