სახალხო დამცველი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 მოქალაქის დაკავებას ეხება.
ნინო ლომჯარია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით.
“იმისთვის, რათა არ მოხდეს მრავალი პირის პასუხისგებაში მიცემა და დაცული იქნას მათი უფლებები, სახალხო დამცველს საჭიროდ მიაჩნია შეახსენოს საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157–ე პირველი პრიმა და 158-ე მუხლებით აკრძალულია პირადი ცხოვრებისა და კერძო შინაარსის კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, მობილური ტელეფონით ან სხვა ონლაინ საშუალებით) უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება (მათ შორის, სოციალურ ქსელებში, პირადი საკომუნიკაციო არხებით) ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კადრების გავრცელების ორგანიზატორთა დასადგენად.
„ამავდროულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ძლიერი მიწისძვრა მოხდა აშშ-ში
- “გერმანიის მთავრობა ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი” - გურამ მაჭარაშვილი
- ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეისები ოთხი მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ მოსკოვში შესრულდება
- “გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ” - გიორგი შარაშიძე
- “2024 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა” - საქსტატი
