"ქართველები ვალდებულნი ვართ ამ თარიღის წინაშე, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული ბრძოლა"- მაკა ბელქანია
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
მაკა ბელქანია FirstNews.ge- თან 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს. მან თავის აფხაზური მოგონებების კრებულში შეიტანა ეროვნული მოძრაობის დაწყება აფხაზეთში, სადაც დაწვრილებით აღწერს 9 აპრილის ტრაგედიას.
"1989 წელს სკოლას ვამთავრებდი და ბუნებრივია სამომავლო გეგმებსაც ვაწყობდი. 9 აპრილის ტრაგედიამ მნიშვნელოვნად შემიცვალა გეგმები და ხედვა მომავლისადმი. საბჭოთა ჯარის სისასტიკემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართველებში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ეროვნული მოძრაობის ტალღამ მოიცვა სრულიად საქართველო და გამონაკლისი არც აფხაზეთი აღმოჩნდა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფხაზეთში ძნელად იკიდებდა ფეხს მოძრაობა.
1989 წლის მაისში, ჩვენი, კოჩარელი მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ხმაც შეუერთდა დედაქალაქში მოგუგუნე პროტესტანტების ხმას. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა იმდროინდელი ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და აფხაზური მოსახლეობისა აზრადაც არ მოგვსვლია უკან დახევა. დღევანდელი გადასახედიდანაც ვთვლი, რომ ჩვენ ვიყავით ის თაობა, ვისაც უნდა დაეწყო უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. 9 აპრილი გამორჩეულად მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის მხოლოდ 25 თებერვალს უტოლდება. ამიტომაც ქართველები ვალდებულნი ვართ ამ თარიღის წინაშე ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული ბრძოლა ვიდრე საქართველო ღირსეულ ადგილს არ დაიმკვიდრებს ცივილურ სამყაროში. ეს იქნება 9 აპრილის გმირების უკვდავყოფა,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში მაკა ბელქანია.
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"