"დაიცავი საქართველო" - პოეტი დავით მაღრაძე მოძრაობას აფუძნებს და შეკრების გამართვას გეგმავს
პოეტი დავით მაღრაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, "ქართული ოცნების" ოპონენტი ხდება. ის ახალ მოძრაობას აფუძნებს. მაღრაძემ საზოგადოებას ვერის ბაღიდან მიმართა.
„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი ისევ საზოგადოებრივ აქტივობას უბრუნდება და 13 აპრილს შეკრების გამართვას გეგმავს. პოეტი დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს ყველას, ვინც, მისივე განცხადებით, განსაცდელში ღირსების შენარჩუნება შეძლო.
დავით მაღრაძემ საგანგებო მიმართვის დროს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ყოფილი ხელისუფლება წარსულს უარყოფს, მმართველმა პარტიამ კი მომავალი უარყო.
დავით მაღრაძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი არ მოსწონს, თუმცა უფრო მწვავე კრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მისამართით, არ გაუჟღერებია.
ვინ იქნებიან მაღრაძის თანამოაზრეები, პოეტი არ აკონკრეტებს. დავით მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ მის გვერდით ძმები გაჩეჩილაძეები იდგნენ. "კურიერის" შეკითხვაზე, ხომ არ შეუერთდებიან მას ეკა ბესელია და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" წასული წევრები, პოეტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა დავით მაღრაძემ ეს არც უარყო. „მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია, ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირება აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს 02:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივა,“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე