ამ გვერდის ამობედვა

11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „ნიკორას“ მოლარეს, რომელმაც კლიენტის ქულები დახარჯა

პოლიციამ დააკავა სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ნიკორას“ თანამშრომელი და მისი თანამზრახველი. მათ ბრალად ედებათ კლიენტის დაგროვილი ქულების დაუფლება და დახარჯვა. 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„[დაკავებული], რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ [მეორე დაკავებულს]“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, დაკავებული ამ სქემით ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ამით სუპერმარკეტების ქსელს მიადგა „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

საქმე აღძრულია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ მონაცემებში შეღწევის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით.

წაკითხვა 143 ჯერ