ამ გვერდის ამობედვა

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა, დაკორექტირდა.

ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის და ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი კადრები თავად გაავრცელოს.

 

„გააჩნია მედიას - პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სწორედ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა და არამხოლოდ. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს. მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ეს არის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და იმუშაოს მშვიდ გარემოში.

 

ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სასამართლოს შესაძლებლობა ექნება თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს - ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი”, - განაცხადა გორდულაძემ.

 

გორდულაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ სასამართლოს ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერანაირად ვერ იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაპირველად დაინიცირებულ ვარიანტით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა.

 

ამასთან, კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

წაკითხვა 79 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 26 2025