ამ გვერდის ამობედვა

“ფაქტია, რომ „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს; ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ” – პაპუაშვილი

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “პრორუსულობის” და “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID, NED, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას თუ შეედრება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა დეტალურად გაშიფრა, თუ როგორ იგეგმება და ხორციელდება “რუსულის” კონსპირაციით ალქაჯების დევნა.

 

“დადასტურდა, რომ ვინც არ მოგწონს, მისთვის “პრორუსულის” და რაც არ მოგწონს, იმისთვის “რუსულის“ იარლიყის მიწებება და ამაზე პარაზიტირება, ერთი ცენტრიდან მართული პროპაგანდისტული ხაზია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება, გერმანიის ელჩისთვის უხსენებელ, “დიპ სტეიტს” უწოდებს.

 

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან, რომლის ერთადერთი ფუნქცია ინსტრუქციით მიღებული ნარატივების გავრცელებაა. ამიტომ, მათთვის, გარედან დაკრულ ტაშს, ყიჟინს და თანხის ჩარიცხვას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, არ შედრკნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. იდეალური მონობაც ასეთი უნდა.

 

როგორც ერთ ყოფილ ელჩს უყვარდა თქმა, ფაქტია, რომ, ტერმინების დონეზეც კი, “ერთი სახელმძღვანელოდან“ ამოკითხულივითაა პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებიც აშშ-ში და საქართველოში გამოიყენება. და რა ნიშანდობლივია, რომ სწორედ ის ყოფილი ელჩი იყო ტერმინის “რუსული კანონი” ავტორი. დღეს, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მხილების შემდეგ, უკვე ღიად შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რა განზრახვის ნაწილი იყო, იმ ელჩის მხრიდან ამ ყალბი ტერმინის შემოგდება.

 

აქვე, არც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ დაგვავიწყდეს, რომელშიც, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა, ჯერ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწოდა “რუსეთის ჩარევით” გამარჯვება, შემდეგ კი 2016 წელს ტრამპის გამარჯვებაც “რუსეთის ჩარევით” ახსნა. და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამე ფაქტი თუ ჰქონდა ან ერთის, ან მეორეს დასადასტურებლად, ხელები გაშალა და თქვა, ფაქტი რად უნდა, ვიცი, რომ ასეაო. ის, რომ „დიპ სტეიტის“ ამ ცრუ ნარატივის გამავრცელებელი სალომე ზურაბიშვილის მოკავშირე კონგრესმენი ჯო ვილსონია, ალბათ, ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ქართულმა საზოგადოებამ ამ გებელსისეული კონსპირაციის – „რუსული…“, „პრორუსული…“, „არა რუსულ…” – ჩამოშლის შემდეგ? ამ, მართლაც, საუკუნის მხილების მთელი სიკეთეც ისაა, რომ, ისევე როგორც უცხოური გრანტების მავნე მიზნების მხილებისას იყო, აქაც ყველა დასკვნა უკვე გამოტანილია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ. კოდური სიტყვებიც – „რუსული…”, „პრორუსული…”, „არა რუსულ…” – ცნობილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავაკვირდეთ „დიპ სტეიტის“ დაქირავებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების თვითლუსტრაციას.

 

დაბოლოს, ფაქტია, რომ, „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც. ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ”, – წერს პაპუაშვილი.

წაკითხვა 104 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2025