ამ გვერდის ამობედვა

კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები. ცერემონიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ღონისძიებას არ ესწრებოდა, კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. მან ღირსების ორდენზე უარი თქვა. 

გიორგი ცინცაძე პროევროპული დემონსტრაციების მხარდამჭერი და მონაწილეა. სატელევიზიო კომენტარებში მან ბევრჯერ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ნაბიჯების გამო და დაგმო დემონსტრანტებზე სამართალდამცველების ძალადობა.

„პოლიციას ვერ დავარქმევდი, ეს დაჯგუფებები რომ დასდევენ იჭერენ, ცემენ და რასაც კადრებს ვნახულობთ, არის ენითაუწერელი და თეთრზე შავად არ ითქმის, რაც ჰქვია ამ ყველაფერს ვერ ვხვდები ხალხი რატომ არ ბრაზდება და რატომ არ გამოდის, ვისაც ეშინია მინდა ვუთხრა თავიანთი სიკეთეების თუ კარგად ყოფნის გამო, რომ ამაზე ვერ აკეთებენ კომენტარს სირცხვილია, მოვა დრო და ამას მიხვდებიან, არ ღირს არსად ყოფნა თბილად არც მთავრობაში და არსად, როდესაც არ შეგიძლია შენი აზრი დააფიქსირო, თუნდაც იმაზე, რაც ქუჩაში ხდება", - თქვა სპორტსმენმა გასულ წელს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ამ დროს მას ყელზე ეკიდა აირწინაღი აქციის მორიგი დაშლის დროს თავის დასაცავად.

კალათბურთელი არც იმ სპორტსმენების კრიტიკას მორიდებია, რომლებიც 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში იყვნენ, შემდეგ კი დეპუტატები გახდნენ.

„პარლამენტში ვინც სპორტსმენები არიან... როცა სპორტსმენები იყვნენ, მათი ძალიან მაგარი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ როდესაც პარლამენტში შედიხარ, შენი გულშემატკივარი ვეღარ ვიქნები. მაგათი მიღებული კანონები... ჯერ ხომ ნონსენსია, მაგრამ ეს ხალხი ასე ვერ იცხოვრებს. სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი თვითონ მიხვდებიან, ვისზეც ვლაპარაკობ. არც მე არ მაქვს პრეტენზია პოლიტიკაში, მე გამოვდივარ და ჩემს სამოქალაქო აზრს ვაფიქსირებ, რომ პოლიცია რომ დადის და ხალხს ქუჩა-ქუჩა დასდევს და სცემს ეს არის ცუდი“, - ეს კომენტარი გიორგი ცინცაძემ  გასული წლის 19 დეკემბერს გააკეთა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20-წლიანი კარიერა გასული წლის თებერვალში დაასრულა.

39 წლის გიორგი ცინცაძე გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია - „ბუმ“ (გიორგის მეტსახელი) ეროვნული ნაკრების მაისურით 217 მატჩი ჩაატარა. ის, ასევე, არის აბსოლუტური რეკორდსმენი ნაკრებში შედეგიანი გადაცემებით.

ის 2011, 2013, 2015, 2017, 2022 წლების ევრობასკეტისა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა ეროვნულ ნაკრებთან ერთად.

წაკითხვა 76 ჯერ