მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2025 წელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერ ჯილდოს, Free Media Awards-ს მიიღებს. ამ ჯილდოს მფლობელი უკვე არის მის მიერ დაფუძნებულ ორივე გამოცემა.
პრემია Free Media Awards-ი ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
- მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა);
- ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო);
- საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი);
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი);
- მედიაარხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი);
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი).
Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე გახდა საქართველოში.
„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავისუფალი მედიის პრიზის გადაცემის ცერემონია 6 ნოემბერს იმართება ჰამბურგში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს