ამ გვერდის ამობედვა

"ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელი რუსული კომპანიის დაკვეთით აწარმოეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულებს, რომელთა შორის არიან ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თეონა ეპიტაშვილი მსჯელობდა. 

 

პატიმრობის შეფარდება პროკურატურის მოთხოვნა იყო, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. თანახმა იყვნენ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაზეც. 

 

ბრალდების თანახმად, გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშილი, თენგიზ გულორდავა, ალექსანდრე კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ქავთარაძე და გიორგი ბიბილოშვილი ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. გამოძიება ამბობს, რომ მათ გორში, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყვეს საწარმო, სადაც ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდნენ და უაქციზო სიგარეტებს ინახავდნენ. 

 

ბრალდებულები თავს დამნაშვედ არ ცნობენ. 

 

"საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ვარ [დაკავებული]"თქვა სასამართლო სხდომაზე გიორგი კანდელაკმა. ის ამბობს, რომ ბრალდებულთაგან მხოლოდ ბორის გოგიჩაიშვილს იცნობს. 

 

"გიორგი კანდელაკი ბორის გოგიჩაიშვილის [გორის საკრებულოს წევრის] ჩვენებითაა აქ [განსასჯელის სკამზე];

 

გიორგი კანდელაკს ბორის გოგიჩაიშვილთან არანაირი სახის ფულადი თანხის გადარიცხვა არ უფიქსირდება.

 

არც ერთი ბოთლი გასული არ არის კონკრეტული ადგილიდან, რეალიზაციაში არაა გასული და რომელი სარგებლის მიღებაზეა საუბარი? ბატონი გიორგი ადგილზეც არ არის ნამყოფი”, " - ამბობს კანდელაკის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე. ის ბიზნესმენისა და მოკრივის გათავისუფლებას 100 000 ალრიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა და თანახმა იყო პასპორტის ჩამორთმევასა და კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციის შეზღუდვაზეც. 

 

გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ბორის გოგიჩაიშვილი ჩვენებაში, რომელიც ტვ პირველმა მოიპოვა, ამბობს რომ ფალსიფიცირებული სასმელები რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს - პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ("ბორკან" ) ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა შემდეგ რეალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი. 

 

"2020-2021 წლებში, რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიამ სახელწოდებით „რუსული ღვინის საწარმო სახლი“, გამოთქვა ჩემთან სურვილი ვისკის შესყიდვაზე. „ალიდამ“ სარეალიზაციოდ დაუმზადა ვისკი, რომელიც მე მოვიგონე და დავარქვი „ბორკან“. 

 

ვისკი სახელად „ბორკან“ გავუგზავნეთ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიას, მათ მოეწონათ შპს „ალიდას“ პროდუქცია და მითხრეს, რომ ვინაიდან მათ ვისკის ხარისხი მოეწონათ, საქართველოში დაგვემზადებინა უაქციზო ბრენდული სახელწოდების ვისკები და არყები. 2024-2025 წლებში შპს ალიდან ჩამოასხა დიდი ოდენობით ბრენდული ვისკი სახელწოდებით - ჩივას რეგალი „Chivas Regal”, არყები„Beluga”, გრეი გუსი „“ და ბელვედერი „Belveder”, რომელიც გახლავთ უაქციზო.

 

მათი რეალიზაცია რუსეთში ვერ შევძელი, რის გამოც დავიწყე კლიენტის მოძიება საქართველოში. მთელი ამ პროცესის, შესახებ საქმის კურსში იყო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში, ისევე, როგორც მე ასევე გიორგი კანდელაკი მასიურად ვეძებდით პირებს, ვინც გამოთქვამდნენ სურვილს მათ შეძენაში, რადგან გიორგი კანდელაკიც აღნიშნულში რა თქმა უნდა მოგებას ნახავდა, ოდენობა დამოკიდებული იყო გაყიდული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რაოდენობაზე"- წერს ოცნების დეპუტატი ჩვენებაში. 

 

კდიევ ერთმა დაკავებულმა, გიორგი კანდელაკის ბიზნესპატრნიორის ძმამ, ქართლოს ჯალაბაძემ სასამართლოში თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ზის განსასჯელის სკამზე მაშინ, როცა სხვა ბრალდებულთაგან მხოლოდ ორს იცნობს და მათთანაც საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებს. 

 

"გიორგი ქავთარაძეს და ბორის გოგიჩაიშვილს ვიცნობ, მათი არც ნომერი მაქვს, მხოლოდ ჩვენი ქალაქიდან - გორიდან ვიცნობ. რატომ ვარ აქ, რატომ ვზივარ? წარმოუდგენელია ჩემი აქ ყოფნა, არც „ნარეკი“ მაქვს ვინმესთან, არც შეტყობინება გამიგზავნია. ამ ორ ადამიანთან ზარიც კი არ განმიხორციელებია, ან ნალაპარაკები ხომ უნდა მქონდეს? დანარჩენებს არც კი ვიცნობ. აქამდე რატომ არ ამოიღეს და არ ნახეს, მქონდა თუ არა კავშირი?

 

2023 წელს ჩამოვედი ამერიკიდან. გიორგი კანდელაკი შარშან, ერთი წლის წინ ვნახე, 22 წლის ძმისშვილი დამეღუპა და მის წლისთავზე. ბატონი ბორისი კი სამძიმარზე ვნახე, იმის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, ორი თვის წინ გავიგე, ასეთი დაავადება აქვს და თურქეთშიაო, იქნებ გამომძიებელმა ჩახედოს საქმეს“, უთხრა ჯალაბაძემ სასამართლოს.

წაკითხვა 105 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2025