„თუ ცხოვრების მთავარი მისია ჯერ კიდევ შესასრულებელია, იბრძოლე მისთვის“ - რეჟისორ დავით ნანობაშვილის წარმატების გზა
,,იმდენჯერ გამოგცდის ცხოვრება, იმდენს გატრიალებს წრეზე-გულისწასვლმდე, იმდენ ქარცეცხლშიჩაგაგდებს, რომ სანამ ბრძოლისუნარს არ გამოგამუშავებინებს, არ შეგეშვება... მერე ხვდები, რომ სიკვდილის გარდა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და თავად იწყებ წამოდგომას,”- ეს რეჟისორ დავით ნანობაშვილის ბოლო წერილის ამონარიდებია, სოციალურ ქსელში. სამწუხაროდ მან ვეღარ გააგრძელა ბრძოლა და ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ბოლო წერილში, ის ადამიანურ განსაცდელზე გვიყვება, თუ როგორი ლაბირინთებითაა სავსე და რგორ უნდა გაუმკლავდე მას.
„რაც უფრო მძლავრად დაგესხმება თავს განსაცდელი, მით უფრო ძლიერად და მტკიცედ უბრუნებ სილას... იმდენჯერ დაგაყენებს ცხოვრება ქარაფებზე თვალახვეულს, რომ გონებით ხედავ და ითვლი ზედმეტი ნაბიჯი არ უნდა გადადგა. რამდენჯერ აირევა გზები, რამდენჯერ გამოხვალ მზეზე, რამდენჯერ დაღონდები და გაიცინებ დარდის ჯინაზე, რამდენჯერ საკუთარი ხელებით გამოძერწავ უკეთეს რეალობას, რამდენჯერ რამდენი რამე რამდენჯერ?... რამდენჯერ შეგაქცევენ ზურგს და მოგექცევიან უსამართლოდ..
მერე იმდენჯერ გაგიმართლებს რომ სათვალავი აგერევა.. და მხოლოდ კარგს იმახსოვრებ... იმდენჯერ დაგახვედრებს ცხოვრება ლაბირინთებს, რომ იბნევი... ჯერ შველას ითხოვ, მერე ჩუმდები და იკარგები საკუთარ მარტოობაში. რაც მარტო ხარ, იცი რომ მით უფრო ახლოს არის ღმერთი და მშვიდდები. გემატება მორჩენილი ჭრილობები, ზოგიც მოურჩენელი... სამახსოვროდ... და აცნობიერებ, თუ საჭირო გახდება ხვალაც უნდა უნდა ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი, დაიხურო მუზარადი და შემართებით გაეშურო საბედისწერო შერკინებისკენ... რადგან არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა სიკვდილის გარდა.... ყოველი დღე მადლობას იხდი სიცოცხლისათვის ყოველი წამისათვის და გაძლიერებს იმედი იმისა, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება. ჭკვიანი ადამიანები ბევრს ფიქრობენ, მაგრამ არასოდეს წუწუნებენ იმ წინაღობების გამო, რომელსაც განგება უგზავნის, რამეთუ სიძლიერე-გამოცდილებაშია. გამოცდილება კი მარტივად არ მოდის... თუ ცხოვრების მთავარი მისია ჯერ კიდევ შესასრულებელია, იბრძოლე მისთვის, საკუთარი თავის გამო.. იყავი ძლიერი და გაიმარჯვებ,“- წერს დავით ნანობაშვილი.
FirstNews.ge რეჟისორის ცხოვრების შესახებ მოგიყვებათ, რომელიც არაერთი წარმატებით იყო დატვირთული.
დავით ნანობაშვილი დაიბადა ქ.ქუთაისში 1969 წლის 2 იანვარს. დედა დალი გიორგობიანი, მამა დევი ნანობაშვილი, ძმა მამა სტეფანე. მას ჰყავდა 7 შვილი ნიკოლოზი, ილია, საბიანა, ელიზაბედი, ანასტასია, ანდრია და მარიამი. დავითმა წარმატებით დაამთავრა ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლა შემდეგ კი ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როდესაც ეკითხებოდნენ თუ როდის დაიწყო მისი კინო მოღვაწეობის ბიოგრაფია, პასუხობდა - „ყველაფერი დაიწყო იქედან, როდესაც მამამ კინოპროექტორი - ,,კრასნოგორსკი,, მოუტანა. მალე ჩაეწერა ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის კინემატოგრაფისტთა წრეში, რომელსაც ხელმძვანელობდა ჯემალ სირბილაძე. მან გამაცნო კინო ხელოვნების საფეხურები“.
რამდენიმე ხნის შემდეგ კი ახალ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში გადავიდნენ, საიდანაც რამდენჯერმე ტურისტულ ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც შეაგროვა მრავალი კინო და ფოტო მასალა.

სამი ზაფხული ისვენებდა ბ.ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სახალხო კინო მოყვარულთა სტუდიის, პიონერფილმის “წევრებთან ერთად. 1983 წ. ,,პიონერფილმის“ წევრებთან ერთად გადაიღო ფილმები ,,ყოჩაღ კახა“, ,,ფერად ღობესთან“ , ,,მღებავი“ფილმი მიუზიკლი, „ჩვენი ბანაკი“ (1985წ).
,,პიონერფილმის“ წევრებთან ყოფნის დროს 1983 წელს გადაიღო ბანაკის ცხოვრების ამსახველი სურათები, რის შედეგადაც ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო გამოფენა. დამოუკიდებლად გადაიღო პირველი დოკუმენტური ფილმი ,,ავტოროდეო“, შემდგომ კი ,,გელათი“, რომელიც წარადგინა ნორჩ კინომოყვარულთა საკავშირო კინოფესტივალზე ,,თბილისური აისი-83“. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით ფილმს მთავარი პრიზი და 4 სხვადასხვა დიპლომი მიენიჭა.
მათ შორის: 1-საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის, 2-საუკეთესო მუსიკალური გადაწყვეტისათვის -საქართველოს მუსიკალური ქორეოგრაფიული საზოგადოების პრიზი, 3-მოსკოვის გაზეთ ,,პიონერსკაია პრავდას“ პრიზი და 4-უკრაინის სახალხო კინოსტუდია ,,სურმაჩის პრიზი“. ეს ფესტივალი იყო უზარმაზარი ფორუმი, ბავშვები გაეცვნენ თანატოლების ნამუშევრებს, რაც პირველ რიგში იყო დამსახურება პიონერფილმის ხელმძღვანელის, პატივცემული გრიგოლ ჩიგოგიძისა.

მისი წარმატების ქრონოლოგია კი შემდეგნაირია:
1984 წელს ბაკურიანში ყოფნის დროს გადაიღო ფილმი, „ბაკურიანის ერთი დღე“. არ გასულა ერთი წელი, როდესაც ქუთაისიდან დელეგაცია წავიდა მარუხის უღელტეხილზე. ლაშქრობაში მონაწილეობდა 100-მდე მოსწავლე. ეს ლაშქრობა მიეძღვნა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავს. მოსწავლეებმა წინაპართა მოსაგონებლად აღმართეს მემორიალი. დავითი იღებდა ფილმს ,,უკვდავებაა სახელი თქვენი“. ეს ფილმი საქართველოს კინომოყვარულთა ფესტივალზე დაჯილდოვდა დიპლომით ,,საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის“. ერთი წლის მერე გადაიღო დოკუმენტური ფილმები ,,ჩემი ქალაქი“, ,,რაც არ გერგება არ შეგერგება“, ,, ცოცხალი წინაპარი“ და ,,ვეტერანი“.
1985 წლის 1-6 ნოემბერს განათლების სამინისტროს, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის, კინომატოგრაფისტთა კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით ნორჩ კინომოყვარულთა მე-4 ფესტივალი ჩატარდა ქუთაისში, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბაზაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა კავშირის 100-ზე მეტმა სტუდიამ და საზღვარგარეთის 4 მა ქვეყანამ-არგენტინამ, ავსტრიამ,ბელგიამ და ჩეხოსლოვაკიამ. ფესტივალის პრეზიდენტად პედაგოგებისა და კოლეგების ერთობლივი გადაწყვეტილებით დავით ნანობაშვილი აირჩიეს. ამ ფესტივალზე მან წარადგინა დოკუმენტური ფილმი ,,ცოცხალი წინაპარი’,’რომელმაც ფესტივალის ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა. ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ისტორიული ძეგლების სიდიადეზე, თუ როგორ უძლებდნენ ისინი ჟამთა სიავეს. ფესტივალის მსვლელობის დღეებში კი კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი შეიტყო ავსტრიის კინომოყვარულთა ვიცე - პრეზიდენტმა ჰერმან ბლაშკემ თავიანთი ქვეყნის კინომოყვარულთა ასოციაციის წევრად აირჩია. 1986 წლის 18 აპრილს რესპუბლიკის მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა ღვაწლმოსილი ხელოვანის ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 100 წლისთავი... კაცი, რომელსაც ხელოვნების ეს დარგი ფანატიკურად უყვარდა და ამ სიყვარულისათვის გააკეთა თითქმის ყველაფერი, რაც შეეძლო. ის პირველი ქართველი იყო საუკუნის გარიჟრაჟზე, ვინც შთამომავლობას უძვირფასესი ფირები შემოუნახა. ქუთაისში გაიხსნა ვ.ამაშუკელის სახელობის კინომოყვარულთა კლუბი, რომლის ვიცე-პრეზიდენტად დავით ნანობაშვილი, ხოლო პრეზიდენტად რევაზ ჩხეიძე აირჩიეს. თითქოს სიმბოლურ ფაქტად იქცა ღონისძიების დასასრულს ნორჩი კინომოყვარულის მე-8 საშუალო სკოლის მოსწავლის დ.ნანობაშვილის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მისივე ფილმის ნორჩ კინომოყვარულთა მე-4 საკავშირო ფესტივალზე პრემირებული ,,ცოცხალი წინაპრის“ჩვენებით დასრულდა. ეს ფილმი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებზე მოგვითხრობს.

1986 წლის ივნისში დნეპროპეტროვსკში ჩატარდა საკავშირო კინოფესტივალი, სადაც ფილმებმა ,,უკვდავებაა სახელი თქვენი“ და ,,ცოცხალი წინაპარი“ჟიურის მთავარი პრიზები დაისაკუთრეს.
1996 წლის კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“ - დავითი მიწვეული იყო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ,,კატარაქტას’’ პრეზენტაციაზე.
ამავე პერიოდში კი ჩააბარა თბილისის ი.ჯავახისშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად დაიწყო რელიგიური ფილმების გადაღება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით, რომელსაც ყველა ფილმის გადაღების წინ ხვდებოდა. მან დაარსა მართლმადიდებლური ფილმების სტუდია ,,გრაალი’’.
,,ღმერთი ჩვენ გვშობს, როგორც თავისი შემოქმედების ნაყოფს. ასევეა ადამიანი, რომლის სულიდანაც გადმოდის შემოქმედებითი ნაყოფი და ეს არის მარადიული გაგრძელება უზენაესი სულის გამობრწყინებისა. საინტერესოა სამყაროს აგებულების საიდუმლოება, მაგრამ უფრო საინტერესოა საიდუმლოება ამაღლებისა და ნეტარებისა, რომელსაც სამყაროს განმგებელი მიაგებს რჩეულთ“ - ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.
2004 წელს მოყვარულთა ფილმების ფესტივალზე ,,თბილისური აისი’’ დავით ნანობაშვილმა მიიღო მთავარი პრიზი ფილმისთვის ,,მირონ მდინარე ხატები’’.
2006 წელს კი მონაწილეობა მიიღო მართმადიდებლური ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალში ,,წმინდა ანდრიას ჯვარი’’.
2007წელს მონაწილეობა მიიღო მართმადიდებლური ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალზე ,,წმინდა ანდრიას ჯვარი’’, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია მეორ ის აღსაყდრების 30 წლისთავს.

ქართულმა კინომ იკითხა - რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს? მან ეს კითხვა მაშინ დასვა, როცა ქართულ კინოში უღმერთო და უფესვო დრო იდგა და ამით იგი ქართული ცნობიერების მებაირახტრე გახდა.
მას შემდეგ ,,მრავალმა წყალმა ჩაიარა’’, ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მეტად რთული, მძიმე და მსხვერპლიანი გზა გაიარა, გზა მიმავალი ტაძრისკენ. ამ გზის გავლა გაუჭირდა ქართულ მართმადიდებლურ კინოსაც, მაგრამ ღვთის წყალობით, არსებობს ხელოვან-შემოქმედთა მცირე რაოდენობა, რომლებიც ჭეშმარიტ ხელოვნების გზას ადგას.
სწორედ ამ მცირერიცხოვან შემოქმედ ადამიანებს მოაქვთ კინემატოგრაფიაში რწმენის, სულიერების, კაცთა შორის სათნოების, სიმართლის, სიყვარულის მუხტი. მათ შორის იყო დავით ნანობაშვილი, როგორც ერთ-ერთი მოკრძალებული ,,მეომარი’’. მისი მართმადიდებლური ფილმები არის კინო-რწმენის კინო-სულიერებისა და სათნოების მქადაგებელი:
,,ქვეყნის აღსასრული’’
,,ბნელ ძალთა კრება’’
,,მირონმდინარე ხატები’’
,,მეორედ მოსვლა’’
,,სიკვდილის შესახებ’’
,,საიქიო’’
,,წმ.ანტონი დიდი’’
..უკანასკნელი ბაბილონი’’
,,საქართველოს საუნჯენი’’
,,დამაყრუებელი დუმილი’’
,,ჯოჯოხეთის კარიბჭე’’ - ამ ფილმების ნახვა YOUTUBE -არხზეა შესაძლებელი.

სიახლეები
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი
- 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი