ამ გვერდის ამობედვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის

ესპანეთის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს დაახლოებით 500 000 არაალეგალურ მიგრანტს, მიიღოს ცხოვრებისა და მუშაობის კანონიერი უფლება. ეს ნაბიჯი მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ბოლო წლების განმავლობაში.

ესპანეთის მთავრობამ პროგრამის დაწყების შესახებ სამშაბათს, 27 იანვარს, გამოაცხადა. ინტეგრაციის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის მინისტრ ელმა საისის განცხადებით, ეს ზომა 500 000-მდე ადამიანს შეეხება. პროგრამა განხორციელდება მიგრაციის კანონმდებლობაში სწრაფი ცვლილებების გზით, რათა გვერდი აუარონ პარლამენტში გაჩერებულ ანალოგიურ კანონპროექტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

გადაწყვეტილება მიღებულია ე. წ. სამეფო დადგენილებით (Real Decreto) – მთავრობის აღმასრულებელი აქტით, რომელსაც ფორმალურად მეფე აწერს ხელს, თუმცა რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როცა მთავრობას უნდა სწრაფად გაატაროს მნიშვნელოვანი ცვლილებები სრული საპარლამენტო პროცედურის გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტში მყარი უმრავლესობა არ აქვს, ხოლო კანონის მისაღებად სხვა საპარლამენტო ფრაქციების მხარდაჭერის გარანტიები არ არსებობს.

ამრიგად, ესპანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არალეგალური მიგრანტების სტატუსი გადაიხედოს და მათ ცხოვრების, დასაქმებისა და ეკონომიკაში ჩართვის ლეგალური შესაძლებლობები მიეცეთ.

რეგულარიზაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

  • იმყოფებოდნენ ესპანეთში, სულ მცირე, 5 თვის განმავლობაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
  • არ აქვთ კრიმინალური ისტორია;
  • 2025 წლის 31 დეკემბრამდე უკვე შეტანილი აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ლეგალიზაციისთვის განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აპრილის დასაწყისში და ივნისის ბოლოს დასრულდება. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში ადამიანი თავდაპირველად იღებს ერთწლიან საცხოვრებელ და სამუშაო უფლებას და შეუძლია ლეგალურად დასაქმდეს ნებისმიერ სფეროში, ესპანეთის ნებისმიერ რეგიონში.

 

არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა განაცხადს სამი თვის განმავლობაში დაამუშავებს და ლეგალიზაციის მსურველებს სამუშაო ნებართვა დოკუმენტების წარდგენიდან 15 დღის ვადაში მიეცემათ.

პროცესი გულისხმობს იმას, რომ განაცხადის დამტკიცების შემდეგ იმიგრანტი შედის ლეგალურ და სამართლიან შრომის ბაზარზე, რაც აძლიერებს მისი, როგორც მუშახელის, პოზიციას, ასევე, საშუალებას აძლევს მას, მიიღოს სოციალური მომსახურებები, ჯანდაცვა და სხვა ადამიანური უფლებები.

ლეგალიზაციის შედეგად ქვეყნაში შავი ბაზარი შემცირდება, რადგან ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს ლეგალურად იმუშაოს და გადაიხადოს გადასახადები, რაც გაზრდის სოციალური დაცვის აქტივებს და საპენსიო სისტემის მდგრადობას.

თუ თქვენ, ან თქვენი ახლობელი ქართველი მიგრანტი ცხოვრობს ესპანეთში და უსაბუთოდ იმყოფება ქვეყანაში, მნიშვნელოვანია იცოდეთ შემდეგი:

  • ხანგრძლივობა: ლეგალიზაციისთვის საჭიროა, შეძლოთ დასაბუთება, რომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე მინიმუმ 5 თვის განმავლობაში ცხოვრობდით ესპანეთში;
  • კრიმინალური ისტორია: თუ არ გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დარღვევა და არ გქონიათ შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ;
  • დოკუმენტები: შესაძლოა მოგიწიოთ ჯანმრთელობის ცნობის, საცხოვრებელი ადგილის ცნობისა და სამუშაო დოკუმენტების წარდგენა, ამიტომ რეკომენდებულია ადვოკატთან კონსულტაცია;
  • ოჯახის გაერთიანება: მშობლებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ ესპანეთში, რეგულარიზაციის დროს შეიძლება მიეცეთ უფრო ძლიერი ოჯახური სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის გაერთიანებასა და დაცვას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არასრულწლოვანები თავიდანვე მიიღებენ ცხოვრების ნებართვას 5 წლის ვადით.
წაკითხვა 95 ჯერ