ამ გვერდის ამობედვა

დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაჟა სირაძის განმარტებით, ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი პირები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე.

 

„დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიური დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დამატებით ბრალი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.

 

სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.

 

ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე. განსაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა.

 

გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.

 

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

 

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

 

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.

 

წაკითხვა 98 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 30 2026