ამ გვერდის ამობედვა

IMPACT+ პროექტის პარტნიორები აძლიერებენ საზღვრისპირა თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიმართულებით

საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის თანამშრომლები, დაინტერესებული მხარეები და 20 სამიზნე თემის წარმომადგენლები ქუთაისში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ინოვაციური მიდგომები შავი ზღვის აუზის რეგიონის სოფლის თემებში საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები შემდეგი ორგანიზაციების მონაწილეობით: რუმინეთის წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება – გალაცის ფილიალი (რუმინეთი), ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლებების კავშირი (ბულგარეთი), საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (მოლდოვა), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები „Georgia Environment Outlook“ და „სპექტრი“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ასევე პროექტის სხვა პარტნიორები და მათი დაინტერესებული მხარეები.


ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის და მისი განხორციელების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე თემების საჭიროებებზე მორგებული გეგმების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკულ რეკომენდაციებს მოიცავს.
მრგვალი მაგიდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად იქცა საზღვრისპირა თანამშრომლობის ოფიციალური გაფორმება. პროექტის ყველა პარტნიორმა და რამდენიმე მონაწილე ორგანიზაციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას. ხელმომწერებს შორის იყვნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (ქუთაისის ფილიალი), საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო (ქუთაისის წარმომადგენლობა), ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და საინფორმაციო სააგენტო FirstNews.

 

A.1.5 Round table session Kutaisi 2


2025 წლის 17 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალმა IMPACT+ პროექტის ფარგლებში ჩაატარა პრაქტიკული სიმულაციური სწავლება. წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პირველადი დახმარების აღმოჩენის ტექნიკები და ჩართეს ისინი სხვადასხვა პრაქტიკულ და როლურ დავალებებში, რამაც უზრუნველყო აქტიური მონაწილეობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება. სწავლების შემდგომმა შეფასებამ აჩვენა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში საკუთარი როლის უკეთ გააზრება და შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების საჭიროება.


სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ადრეული გაფრთხილების სისტემა (EAS), რომელიც დამონტაჟებულია მდინარე ტეხურაზე, სოფელ ნოქალაქევის მიმდებარე ტერიტორიაზე. სისტემა იმართება საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვაში წყალდიდობებთან დაკავშირებული საფრთხეებისგან.

 

IMG 20250811 WA0026

 

პროექტის შესახებ: პროექტი „მცირე თემებში ბუნებრივი და ტექნოგენური ფაქტორებით გამოწვეულ კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება შავი ზღვის აუზის რეგიონში – IMPACT+“ ხორციელდება ოთხი პარტნიორის თანამშრომლობით: რუმინეთის წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოება, გალათის ფილიალი (რუმინეთი); საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (მოლდოვა); ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლებების კავშირი (ბულგარეთი); იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო). პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.

წაკითხვა 145 ჯერ